ახალი ამბები

მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია გაუგზავნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ნოემბერს მთავრობის სხდომა გამართა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი საკანონმდებლო ორგანოს 2023 წლის სექტემბერში წარედგინა და დარგობრივ სამინისტროებთან და სტრუქტურებთან კონსულტაციების საფუძველზე განახლდა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი „კონსერვატიულად“ არის დაგეგმილი და 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული. მისი თქმით, შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს 2,5%, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 38,2 % იქნება. მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი 28.5 მილიარდი ლარი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები შეიცვლება და ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. „ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. ამ ცვლილებათა შედეგად – 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან -ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს”, – განაცხადა პრემიერმა.

დამატებით მიღებული 700 მილიონი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • 160 მილიონი ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყოფა, რაც სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ხელფასების დაახლოებით 500 ლარით გაზრდას მოხმარდება.
  • 65 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხება ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებისთვის უფასო მედიკამენტების სუბსიდირებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა ადრეული კვლევების დასაფინანსებლად.
  • ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებით 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მათ შორის 70 მილიონი ანაკლიის პროექტისთვის, რომლის ინვესტორიც დეკემბერში ან იანვარში შეირჩევა, ხოლო მშენებლობა 2024 წლის მარტში ან აპრილში დაიწყება. დამატებით 70 მილიონი ლარი თელავში, ქუთაისსა და ვაზიანში აეროპორტების განვითარებას მოხმარდება.
  • დამატებით 50 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათ შერჩეულ ტურისტულ ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად გამოეყოფა.
  • თავდაცვის სამინისტრო დამატებით 10 მილიონს ლარს მიიღებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დამატებით 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.
  • კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამატებით 20 მილიონი ლარი გამოეყოფა, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი – დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გასაუმჯობესებლად 25 მილიონ ლარს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოფილი პოლიციელების, სამხედროებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება. ამასთანავე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. დაახლოებით ათასამდე უსახლკარო ოჯახს, რომელთაც სამი და მეტი შვილი ყავთ, მთავრობა ბინებს შეუძენს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button