skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა უკანონო და დაუშვებელია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. „ეს ცალსახად  არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ართმევს“, – ნათქვამია ორგანიზაციის გამცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები ესაუბრნენ რამდენიმე ყოფილ დირექტორსა და დირექტორობის იმ მსურველებს, რომელთა კანდიდატურებიც არცერთ სკოლაში არ წარადგინეს. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და კანდიდატების  წარდგენისას გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითებზე წერდა. სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათ შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და მათზე დაყრდნობით ატარებდა საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც „უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა“.

„უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის  მიმდინარე პროცესი აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი  მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების გამწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს. დირექტორთა კანდიდატების წარდგენისას  გადამწყვეტი მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია უნდა იყოს და არა მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობა“, – წერს ორგანიზაცია.

სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნების დამღუპველი და ხანგრძლივი პრაქტიკა ამ თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ მოექცა საპროტესტო აქციების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს, კირცხისა და ახუთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოს 927-მდე სკოლაში სკოლის დირექტორების პოსტებზე განათლების სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნიშნით კანდიდატების წარდგენა გააპროტესტეს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button