ახალი ამბები

პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოში რისკების განსხვავებულ აღქმას ავლენს

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22 ნოემბერს პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა სახელწოდებით „რუსეთისგან მომავალი რისკების მართვა: გზა საქართველოსთვის მედეგობის მისაღწევად“, რომელიც ექსპერტებში, საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობაში რისკების აღქმის განსხვავებებს ავლენს. დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან ექსპერტები კორნელი კაკაჩია, სალომე კანდელაკი და ბიძინა ლებანიძე, საზოგადოების ერთიან მიდგომაზე დაფუძნებული სექტორთაშორისი მედეგობის  სტრატეგიის განვითარებისკენ მოუწოდებს გლობალური, დიფუზიური და ლოკალური რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებების მიუხედავად, ყველა აქტორი საქართველოსთვის მთავარ რისკად რუსეთს ასახელებს, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსეთი „ძირითად პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევად“  განიხილება,  რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო რბილია და მეტ ეკონომიკურ ჩართულობას გულისხმობს.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები ერთმანეთისგან განასხვავებენ გლობალურ და დიფუზიურ რისკებს. გლობალური რისკები წარმოიქმნება იდენტიფიცირებადი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან, ხოლო დიფუზიური რისკები „ან არ არის გეოგრაფიასთან დაკავშირებული ან თავისი არსით არატერიტორიულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს“. ავტორებმა გამოავლინეს საქართველოსთვის აქტუალური 20 გლობალური და დიფუზიური რისკი, რომელთაც ძირითადი ნაწილიც რუსეთისგან გამომდინარეობს, და საქართველოს კონტექსტში 12 ასეთი რისკის იდენტიფიცირება მოახდინეს.

რისკების აღქმაში განსხვავებების ნიუანსები

პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში გამოიკითხა შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე 36 ქართველი ექსპერტი. ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები გამყარებულია საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზის შედეგებით.

ექსპერტების გამოკითხვისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შედარებამ განსხვავებების ნიუანსები გამოავლინა, განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში. მაშინ როცა ექსპერტები რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას უმაღლესი დონის რისკად განიხილავენ, საზოგადოებას უფრო ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს, რა დროსაც ისინი რუსეთს ეკონომიკურ საფრთხედ აღიარებენ, თუმცა ამასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეულ ასპექტებსაც ემხრობიან.

მეორე მხრივ, ადგილობრივი რისკების შეფასებისას, ექსპერტებმა ერთხმად შეაფასეს პოლიტიკური რისკების უფრო დიდი მნიშვნელობა სოციალურ-ეკონომიკურ რისკებთან შედარებით, მაშინ როცა მოსახლეობას უფრო სოციალ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო მოხელეები კიდევ უფრო შორს მიდიან და რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს ბოლო დროინდელი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად, ხოლო რუსეთთან პოლიტიკური კავშირების დალაგებას – საქართველოში მშვიდობის წინაპირობად წარმოაჩენენ“.

დოკუმენტი სრულდება რეკომენდაციებით, თუ როგორ შეუძლიათ ძირითად აქტორებს საქართველოში, მათ შორის მთავრობას, საზოგადოებას და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ერთობლივი ძალისხმევით მხარი დაუჭირონ საქართველოს მედეგობის გაძლიერებას, რისკების სკრინინგს, მათ პრიორიტეტიზაციას და შემცირების პროცესს.

საზოგადოების ერთიანი მიდგომის დანერგვა

GIP გასცემს რვა რეკომენდაციას საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად საზოგადოების ერთიანი მიდგომის ეფექტური მიღებისთვის:

  • მოხდეს ძირითად აქტორებს შორის ღია დისკუსიებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, რისკების აღქმებს შორის არსებული სხვაობების შესამცირებლად;
  • მოხდეს ისეთი წარმატებული საერთაშორისო მაგალითების შესწავლა, როგორიცაა შვედეთის ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო (MPF) და ადგილობრივ კონტექსტსა და საჭიროებებზე მორგებული მსგავსი ფორმატის საქართველოში დანერგვა;
  • რისკების განსაზღვრის, შეფასებისა და შემცირების სტრატეგიების განვითარების პროცესში მოხდეს ქვეყნის ყველა ძირითადი აქტორის და ჯგუფის ჩართვა განსხვავებული პოზიციებისა და პერსპექტივების გასაგებად და გასათვალისწინებლად;
  • ფინეთის ეროვნული თავდაცვის კურსების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, მოხდეს რისკების ცნობადობის და მედეგობის გაძლიერების სწავლებების, ტრენინგების და ვორქშოპების შემუშავება;
  • კერძო-საჯარო პარტნიორობის წახალისება რისკების სკანირების და მედეგობის გაძლიერების პროცესში;
  • გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • საზოგადოებაში მედია და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა;
  • ისეთ საერთო ღირებულებებსა და მიზნებზე ფოკუსირება, რომელიც სცდება პოლიტიკურ განსხვავებებს და აერთიანებს საზოგადოებას, მაგალითად ეკონომიკური განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ან ეროვნული უსაფრთხოება.

რუსეთიდან მომდინარე რისკის შემცირება

დოკუმენტი რუსეთიდან მომდინარე რისკის შემცირების თაობაზე კიდევ დამატებით რვა რეკომენდაციას შეიცავს.

  • მოხდეს მნიშვნელოვანი საქონლის რუსეთიდან იმპორტის დივერსიფიცირება რუსულ იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებულებისგან თავიდან ასაცილებლად;
  • რუსეთში ექსპორტირებული ძირითადი პროდუქტის ექსპორტის დივერსიფიცირება რუსეთის საექსპორტო ბაზარზე ზედმეტი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად;
  • სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შექმნა კრიტიკული პროდუქტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად იმისათვის, რომ ქვეყნა არ გახდეს მოწყვლადი რუსეთის ეკონომიკურ წნეხის მიმართ. ამის მოდელირება შესაძლოა  მოხდეს არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ისეთით, როგორიცაა ფინეთის  საგანგებო მარაგების ეროვნული სააგენტო (Nesa);
  •  ინვესტიციების სკრინინგის მექანიზმების შემუშავება რუსული (და ჩინური) კომპანიების მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად;
  • რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარებისას საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება და ურთიერთობების იმგვარად წარმართვა, რომ საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით რუსეთის ჩართულობის საფრთხეებთან დაკავშირებით (უსაფრთხოების რისკები, ეკონომიკური რისკები, კულტურული რისკები);
  • ყველა მნიშვნელოვანიაქტორის – განსაკუთრებით მათი, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ რუსეთის მავნე გავლენას (მაგალითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია) – რისკების იდენტიფიცირების და რუსეთის მიმართ რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართვა;
  • დასავლელ პარტნიორებთან რუსეთის მიმართ საქართველოს მოწყვლადობის შესახებ კომუნიკაცია გაუგებრობებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის დისკრედიტაციის თავიდან ასაცილებლად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button