skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მმართველობის ინდექსი 2022: ძირითადი მიგნებები

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ საქართველოს მმართველობის ინდექსის შესახებ მომზადებული ყოვლისმომცველი კვლევა, აანალიზებს და აფასებს საქართველოს, როგორც ქვეყნის საქმიანობას მმართველობის ოთხი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

ბოლო კვლევის თანახმად, დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობა 2022 წელს ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩებოდა, ხოლო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოს შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა.

კვლევა ეყრდნობა როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ მეთოდებს, მათ შორის, ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 ექსპერტი მონაწილეობდა.

ძირითადი მიგნებები

  • დემოკრატიული მმართველობა

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება არსებული პოლიტიკური კრიზისი, მართლმსაჯულების რეფორმის მუდმივი ჩავარდნა, ძალადობა ჟურნალისტებზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღება დემოკრატიის უკუსვლის გამო.

ერთპარტიული მმართველობა, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმების სისუსტე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ახალი საკამათო ცვლილებები ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ დემოკრატიულილ მმართველობის ძველ და ახალ გამოწვევებს შორის რჩება.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების კატეგორიამ ექსპერტთა რეიტინგში „მნიშვნელოვანი ვარდნა“ განიცადა, რაც, შესაძლოა, განპირობებული იყოს მზარდი პოლარიზაციითა და პოლიტიკური რადიკალიზაციით, ასევე არასამთავრობოების „დემონიზების“ პოლიტიკით.

დოკუმენტში პოზიტიურ ნაბიჯებზეცაა საუბარი, რომლებიც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს გენერალური პროკურორის არჩევის წესში და საარჩევნო კანონში, მათ შორის 2024 წლიდან ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ.

  • ეფექტიანი მმართველობა

დოკუმენტი ელიტურ კორუფციასა და სახელმწიფოს მიტაცებას საქართველოში ეფექტიანი მმართველობის მთავარ ბარიერებად მიიჩნევს და ასევე აღნიშნავს, რომ „თუ წინა წლებში არაფორმალური მმართველობა ძირითადად ქვეყნის შიდა პრობლემად რჩებოდა, 2022 წელს მან საერთაშორისო ხასიათიც შეიძინა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ახლა, სხვა საკითხებთან ერთად, ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაზეა დამოკიდებული“.

ანგარიშში 2022 წლის მთავარ გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია ხელისუფლების უუნარობა გაავრცელოს ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლია საზოგადოების ყველა სეგმენტზე (ეკლესია და ულტრამემარჯვენე ჯგუფები) და პროგრესის არარსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

საჯარო სერვისების მიწოდებამ ყველაზე მაღალი ქულა მიიღო ეფექტიანი მმართველობის ყველა ინდიკატორში. საჯარო სექტორი კვალიფიციური პერსონალისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნაკლებობას განიცდის, თუმცა საჯარო სამსახურის ბიურომ გადადგა ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა

საქართველოს საქმიანობამ სოციალურ-ეკონომიკური მმართველობის კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. შედეგად, ამ კატეგორიამ მმართველობის ყველა სხვა მიმართულებას გაუსწრო, რაც ძირითადად განპირობებულია კოვიდ-19-ის პანდემიის მართვით, უფრო დაბალანსებული ბიუჯეტით და წამლების ფასების დაბალანსებისკენ გადადგმული ნაბიჯებით.

დასაქმების დონე გაიზარდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან მომატებული მიგრაციის ფონზე, გაიზარდა უთანასწორობის შეგრძნება, ასევე ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას საგარეო შოკების მიმართ.

  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

რაც შეეხება საქართველოს საგარეო ურთიერთობებს უკრაინაში ომის ფონზე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო სათანადოდ ემოქმედა რუსეთ-უკრაინის ომისა და ევროპაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებიდან მომავალი რისკების მართვისა და შესაძლებლობების გამოყენების კუთხით.

დოკუმენტი 2022 წლის მთავარ გამოწვევებს შორის ასახელებს საქართველოს კონფრონტაციულ კურსს უკრაინასა და დასავლეთთან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებას და რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებზე არასათანადო რეაგირებას.

ევროპული პერსპექტივის მიღება, საქართველოს როგორც ენერგო და სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერება და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში შუამავლობა გასული წლის პოზიტიურ მოვლენებს შორისაა დასახელებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button