ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალდანიშნული პრეზიდენტი, პია კაუმა 15 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპაუშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდა და საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან

16 ნოემბერს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.  

საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების გაძლიერების უწყვეტობას, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ეუთოს დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, „საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას“.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან

შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან.

საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის „ისტორიულ მნიშვნელობას“.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და „კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის“.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას 15 ნოემბერს შეხვდა, იტყობინება საქართველოს პარლამენტი.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, პაპუაშვილმა კაუმას ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა და მიესალმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც „საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა“.

„ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო/ოდირთან ერთად, ჩვეულებრივ, თავის წარმომადგენლებს აგზავნის ხოლმე არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.

„ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები“, – განაცხადა პაპუაშვილმა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა, „განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია მიულოცა და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

15 ნოემბერს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პია კაუმამ აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს სანდო პარტნიორია და ხაზი გაუსვა საქართველოს დელეგაციის აქტიურ ჩართულობასა და წვლილს  საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, რუსული ოკუპაცია და სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯები.

დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „სწორედ ეს ვიზიტი არის ეუთო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიულოცა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხანი ელოდა“.

საოკუპაციო ხაზზე სტუმრობა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

პია კაუმამ განაცხადა, რომ სიტუაცია მშვიდი ჩანს, თუმცა დასძინა, რომ მას აწუხებს ადგილობრივების მდგომარეობა. მისი თქმით, ეუთო მხარს უჭერს კრიზისებისა და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button