პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთის ელჩს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები განუმარტა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა 14 ნოემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ნათია სულავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, 13 ნოემბერს, ჩინეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება „კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია“. ღარიბაშვილმა ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, [პრეზიდენტი] ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“.
პრემიერის თქმით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. „შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს და არ დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
10 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია საშუალებას LCI-ს მისცა ინტერვიუ. ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვა დაუსვა: „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინს როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ…“
- 11/11/2023 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრანგულ მედიას ესაუბრა
პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“. პრეზიდენტს არც ინტერვიუს დროს და არც ამ კონკრეტულ პასუხში ჩინეთის პრეზიდენტი არ უხსენებია. სწორედ ამას გაესვა ხაზი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/10/2023 – პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა
- 12/08/2023 – ღარიბაშვილი: ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)