ახალი ამბები

ენმ-ს ბრიტანელი მრჩეველი საქართველოში არ შემოუშვეს

ბრიტანეთის მოქალაქე და პოლიტიკური მრჩეველი, ბენ მალეტი 12 ნოემბერს საქართველოში არ შემოუშვეს, განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ბენ მალეტი, რომელიც ერთი კვირის წინ პარტიის მოწვევით უკვე იმყოფებოდა საქართველოში, კვლავ აპირებდა პოლიტიკური კონსულტაციის გაწევას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, თუმცა ის საზღვრიდან უკან გააბრუნეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა  The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბენი პოლიტიკური კონსულტანტია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლახანს დაიქირავა. ის საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა და საქართველოში შემოსვლისას გაურკვეველი მიზეზების გამო შემოსვლაზე უარი უთხრეს. წინა კვირას ვნახე, გასულ ხუთშაბათს. ყველაფერი სრულიად ნორმალურად იყო და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მთავრობა რაიმეს გააკეთებდა“.

განცხადებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „რუსულ ოცნებას“ სასტიკად ეშინია გამჭვირვალობისა და დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების. კრევო-ასათიანმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარს ის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს.

მალეტს შემოსვლაზე უარი კატეგორიის „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ ფარგლებში უთხრეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შემოსვლის აკრძალვის ყველაზე ბუნდოვან და ზოგად დასაბუთებად მიიჩნიეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლება „დიპლომატიური სკანდალის“ აგორებაში დაადანაშაულა. „შეიძლება რომ ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ? ლავროვს და რუს გენერლებს რომ ედებიან ფეხქვეშ, ეგ არის კარგი?“ – იკითხა მან. ხაბეიშვილის თქმით, მალეტი მათ „რუსული ოცნების რუსულ პროპაგანდასთან“ გამკლავებაში უნდა დახმარებოდა. „დღეს ეს ადამიანი არ შემოუშვეს იმიტომ, რომ ჩვენს ოფისებზე მიდის თვალთვალი, ჩვენზე მიდის თვალთვალი, ნახეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთან დადიოდა, ნახეს, რომ ჩვენთან მუშაობდა… ეს რუსული პარტია მუშაობს ოპოზიციაზე და ეს ოკუპანტი, რომ ჩვენს მოქალაქეს კლავს, გაიტაცებს, ეს არ აინტერესებთ“.

POLITICO-ს ანონიმური წყაროს ინფორმაციით, „მალეტს თავდაპირველად ტელეფონი და ლეპტოპი ჩამოართვეს და შემოსვლაზე უარის თქმის მკაფიო მიზეზი არ აცნობეს“.

ვინ არის ბენ მალეტი?

ბენ მალეტი არის Messina Group-ის საერთაშორისო კამპანიების დირექტორი. ის კონსულტაციას უწევს და ხელმძღვანელობს პოლიტიკურ კამპანიებს მთელს მსოფლიოში; იგი არის ექსპერტი, რომელიც კონსულტაციას უწევს პოლიტიკოსებს, მთავრობებსა და კომპანიებს საკომუნიკაციო სტრატეგიების შესახებ.

მალეტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ბორის ჯონსონისა და დევიდ კამერონის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ ზაკ გოლდსმიტის ყოფილი მრჩეველი იყო. ის ასევე მუშაობდა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპელი პოლიტიკოსების უფროს მრჩევლად და კამპანიის დირექტორად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button