skip to content
ახალი ამბებიინტერვიუ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „პრიორიტეტების შესრულების შემთხვევაში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“

ვინაიდან საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია, “სამოქალაქო საქართველომ” ევროპის ქვეყნების მთავარ დიპლომატებს რამდენიმე მოკლე შეკითხვით მიმართა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკომისიის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა და ქართველ ხალხს გზავნილით მიმართა.  

კითხვა: დღეს რომ ხმას აძლევდეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორ მოიქცეოდით?

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტი განუსაზღვა და ესტონეთის ხმა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ეს პრიორიტეტები. პრიორიტეტების შესრულების შემთხვევაში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

კითხვა: რა შეგაცვლევინებდათ აზრს (ამა თუ იმ სახით)?

ის ხარისხი და ტემპი, რომლითაც საქართველო ახორციელებს რეფორმებს. რეფორმის განხორციელებაში პროგრესი საჭიროა არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არამედ ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ინიციატივიანი ადამიანებისა და ახალგაზრდებისთვის კარგი პერსპექტივის მქონე სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

კითხვა: თუ დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი?

საქართველომ ევროკავშირის პერსპექტივა 2022 წელს მიიღო და ეს იყო ევროკავშირის უპრეცედენტო და ისტორიული ნაბიჯი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, პერსპექტივა რჩება. ასევე რჩება პრიორიტეტები, რომელთაც საქართველო კანდიდატის სტატუსს უნდა დაუახლოვონ: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ სექტემბრის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი, 19 აპრილის შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება გზას გაგიკვალავთ ამ მიმართულებით.

კითხვა: როგორია თქვენი გზავნილი ქართველი ხალხისთვის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით?

ქართველმა ხალხმა გასაოცარი სიმტკიცე აჩვენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მიმართ. გააგრძელეთ ეს მიდგომა და გამოიყენეთ ყველა დემოკრატიული გზა თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის. საქართველო ევროპას ეკუთვნის; თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნახევარი გზა გავლილი გაქვთ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ძალიან გვინდა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ჩვენ მუდმივად მზად ვართ ჩვენი რეფორმების გამოცდილება და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებული გაკვეთილები გაგიზიაროთ, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი.

კითხვა: როგორია თქვენი გზავნილი ევროკავშირის სხვა წევრებისთვის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით?

ესტონეთი ყოველთვის იყო გაფართოების მხარდამჭერი წევრი ქვეყანა. ჩვენი მიდგომა არ შეცვლილა და ეს ევროკავშირის ყველა სხვა წევრი სახელმწიფოსთვის ცნობილია. ჩვენი გზავნილია – დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და კარგად უმკლავდება საბაზრო ეკონომიკას, ნამდვილად ეკუთვნის ადგილი ევროკავშირის ოჯახში.

კითხვა: არსებობს თუ არა ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა საქართველოსა და რეგიონის მიმართ და როგორ დაახასიათებდით მას?

ევროკავშირს აქვს ხედვა, ჰყავდეს სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული და კარგად ინტეგრირებული რეგიონი ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს. ეს ასევე ეხება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ხელს უწყობს კარგ მმართველობას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას, ტრანსპორტსა და დაკავშირებადობას  როგორც რეგიონში, ისე საქართველოში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button