skip to content
ახალი ამბებიინტერვიუ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე: „ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს“

ვინაიდან საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია, “სამოქალაქო საქართველომ” ევროპის ქვეყნების მთავარ დიპლომატებს რამდენიმე მოკლე შეკითხვით მიმართა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა პირველმა გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება ევროკომისიის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და ქართველ ხალხს გზავნილით მიმართა.

კითხვა: დღეს რომ ხმას აძლევდეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორ მოიქცეოდით?

საბედნიეროდ, ჩვენ არ გვეჩქარება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოუთმენლად ველით ევროკომისიის შეფასებას 12 რეკომენდაციის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და კანდიდატის სტატუსისთვის მისი მზადყოფნის შესახებ, რომელსაც ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ.

კითხვა: რა შეგაცვლევინებდათ აზრს (ამა თუ იმ სახით)?

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და მისი მიღება გარკვეული პირობებითაა შესაძლებელი. საქართველოს მთავრობას ევალება ყველაფერი გააკეთოს, რათა დაუმტკიცოს ევროკავშირს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ლატვიისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური პროგრესი რეფორმების განხორციელებაში, ასევე გაზრდილი შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

კითხვა: თუ დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი?

ამ ეტაპზე, არ მსურს საქართველოს პერსპექტივებზე სპეკულირება, რადგან ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროკომისიის სრული შეფასება. თუმცა, უარეს შემთხვევაში, თუ ევროკომისიის შეფასება და რეკომენდაცია უარყოფითი იქნება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გადავდოთ ეს გადაწყვეტილება, სანამ საჭირო პროგრესს არ ვიხილავთ.

კითხვა: როგორია თქვენი გზავნილი ქართველი ხალხისთვის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით?

ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ლატვია რუსეთის მხრიდან მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ ამ სირთულეებმა არ შეგვაცვლევინა ჩვენი ხედვა, რომ ჩვენ ევროპას ვეკუთვნით და რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი სწორი მიმართულებაა, რომელიც შორსაა რუსეთისგან, მისი იმპერიალისტური და აგრესიული ბუნებისგან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი ქართველი მეგობრების, რადგან რუსეთის გადაწყვეტილება, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიები დაეპყრო, იყო მიზანმიმართული მცდელობა, ხელი შეეშალა საქართველოს სვლისთვის იმავე მიმართულებით. თუმცა მოხდა საპირისპირო და დღეს ჩვენ ვხედავთ საზოგადოების აბსოლუტურ მხარდაჭერას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მოვუწოდებთ საქართველოს გამოიჩინოს პოლიტიკური ერთიანობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

კითხვა: როგორია თქვენი გზავნილი ევროკავშირის სხვა წევრებისთვის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით?

ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციისა და რეფორმების პროცესს. რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი შემზარავი მაგალითის შემდეგ, რამაც გეოპოლიტიკური ფსონები ასწია, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენს კლუბში წევრ ქვეყნებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ნათლად ხედავენ რუსეთს ისეთად, როგორიც ის არის – აგრესორი და მუდმივი საფრთხე ჩვენი ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის.

კითხვა: არსებობს თუ არა ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა საქართველოსა და რეგიონის მიმართ და როგორ დაახასიათებდით მას?

ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგი აჩვენებს ორივე მხარის მზადყოფნას, გააგრძელონ დიალოგი და თანამშრომლობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მუდმივად და მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის საერთო სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში ემყარება ჩართულობას და „მეტი მეტისთვის“ მიდგომას, რათა ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ასევე შევამციროთ რუსეთის გავლენა რეგიონში. „მეტი მეტისთვის“ მიდგომა იმ პარტნიორებს ახალისებს, რომელთაც სურთ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და მის დემოკრატიულ ღირებულებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button