ახალი ამბები

3+3 პლატფორმა საქართველოს „თანაბარი მონაწილეობისთვის“ ღიაა

23 ოქტომბერს თეირანში გამართული „3+3“ პლატფორმის მეორე შეხვედრის ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა „დაადასტურეს ამ პლატფორმის ღიაობა საქართველოს თანაბარი მონაწილეობისთვის“. შეხვედრა თემაზე „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობისა და პროგრესის დრო“ ძირითადად სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რეგიონში განვითარებულ სხვა მოვლენებს მიეძღვნა.

ფორმატი, რომელიც რეგიონის სამ სახელმწიფოს – ირანს, თურქეთსა და რუსეთს – ასევე სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს, 2021 წელს შეიქმნა და, სახელწოდების მიუხედავად, საქართველო პლატფორმის წევრი არ არის.

შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა რწმენა, რომ ახლო მომავალში 3+3 ფორმატი სრულფასოვნად, საქართველოს ჩათვლით შეძლებს მუშაობას, რადგან „თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც არაერთხელ დაამტკიცეს, თავის ქმედებებში, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“.

გავრცელებული ინფორმაციით, ფორმატში საქართველოს მონაწილეობის მოწოდება ირანმაც გააჟღერა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო, მეგობარი ქვეყანა, ეფექტურად და კონსტრუქციულად ჩაერთვება მომავალ შეხვედრებში“, – იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სიტყვებზე დაყრდნობით.

მხარეთა, მათ შორის რუსეთის მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია „დავების მშვიდობიანი მოგვარება, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის მუქარის ან გამოყენების აკრძალვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა გაეროს წესდების ყველა პრინციპზე დაყრდნობით“.

3+3 პლატფორმის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წელს გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო იმ მოტივით, რომ ვერ დაესწრება შეხვედრას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მასპინძლობს – ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვში შეხვედრის ადგილას საქართველოს დროშები გამოიფინა რამაც ოფიციალური თბილისის შეშფოთება გამოიწვია. 2022 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სთხოვა თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ საქართველოს 3+3 ფორმატში გაწევრიანების სარგებელი განუმარტონ.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button