skip to content
ახალი ამბები

ლავროვი იმედოვნებს, რომ ბაქო, ანკარა და ერევანი დაარწმუნებენ თბილისს 3+3 პლატფორმას შეუერთდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 3+3 პლატფორმაში გაწევრიანება არ დაავალდებულებს თბილისს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები შეცვალოს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

აღნიშნა რა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან და ამიტომ არ აქვს შესაძლებლობა თბილისს პლატფორმის „უპირატესობები“ აუხსნას, ლავროვმა განაცხადა, რომ „ჩვენს თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს მივმართეთ თხოვნით, რომ აუხსნან ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ ფორმატში გაწევრიანების სარგებელი, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ყველასთვის“.

„შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში მხოლოდ იმ თემებს განვიხილავთ, რომლებიც ყველა მონაწილის ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნა რა, რომ თბილისი და მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე აბაშიძე-კარასინის ფორმატებში ურთიერთობენ, ლავროვმა განაცხადა – „ჩემი აზრით, 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ფორმატის ფარგლებში მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები განიხილება“.

მისი თქმით, ახლა, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დასრულების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და რეგიონში ყველა მარშრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, „ეს ხსნის შესაძლებლობებს, რომლებშიც, დარწმუნებული ვარ, თურქეთი, რუსეთი, ირანი და საქართველო არიან დაინტერესებულნი“.

დეკემბერში საქართველო მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ მოსკოვისა და ანკარის მიერ ინიცირებული 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ შეხვედრას არ დაესწრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოქტომბერში განაცხადა, რომ თბილისი არ განიხილავს პლატფორმაში მონაწილეობას რუსეთთან ერთად, რომელიც ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას განაგრძობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button