ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ
20 ოქტომბერს ვაშინგტონში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამიტი გაიმართა, რომლის დასასრულს, ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ევროკავშირისა და აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის მიმართ.
სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ასევე აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
სამიტმა განიხილა მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. საუბარი შეეხო ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობებს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვაჭრობასა და ეკონომიკას, კლიმატის ცვლილებას და ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას, მდგრად განვითარებას და დაფინანსებას, ასევე გლობალურ საკითხებს, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთში არსებულ ვითარებას, სომხეთისა და აზერბაიჯანის, აფრიკის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ჩინეთის საკითხებს.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მათ „სრულ ერთგულებას“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მიმართ.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია სამხრეთ კავკასიის ორ დანარჩენ სახელმწიფოზე, სადაც ხაზგასმულია ევროკავშირისა და აშშ-ის მზადყოფნა „ხელი შეუწყონ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარების საფუძველზე“. მხარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანს „უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დარჩენილთა, ასევე სახლში დაბრუნების მსურველთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა“. განცხადება ასევე მოუწოდებს მხარეებს დაიცვან ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის გამოუყენებლობის პრინციპი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)