პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 19 ოქტომბერს დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიიღო, რომლითაც კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება. ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს.
ამავე ინფორმაციით, ცვლილების შედეგად „შესაძლებელი გახდება უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კომისიაში“.
კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს რეაგირება და დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილება საბოლოოდ სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც იძლევა.
სიძულვილის ენის გავრცელება და ტერორიზმის წაქეზება მედიაში კანონით უკვე აკრძალული იყო, მაგრამ დარღვევებზე რეაგირების ზომების მიღება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით შეიძლებოდა. უფლებადამცველი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ცვლილებები მთავრობამ შესაძლოა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/07/2023 – პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
- 23/12/2022 – პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)