skip to content
ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებული სადავო ცვლილებები დაარეგისტრირა

პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებით კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირების კუთხით. 

ცვლილებების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური მექანიზმის შექმნას“.

ცვლილებების თანახმად,  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55(2)  მუხლის (რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას) დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების კომისიაში.

ცვლილებების თანახმად, „თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“.

განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55(2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიციამ შეშფოთება გამოხატა მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაციის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. „წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციამ აღნიშნა, რომ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. „მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ „მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button