skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის აქციის დროს პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ  სოფელს კორდონი შემოავლო

პოლიციამ 19 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს და ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში შესვლის საშუალება არ მისცა მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით თბილისიდან ჭორვილაში გაემართა, რათა საქართველოში „ოლიგარქიული მმართველობა“ გაეპროტესტებინა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში შესვლის შეზღუდვაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ.

„დღეს სიმბოლურად მივემართებით ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგაქრის მშობლიურ სოფელში, სადაც აუცილებლად მას შევახსენებთ, რომ ვერ გაგვარუსებს, მას შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ქართველებს რუსებით ვერ ჩაანაცვლებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ თბილისიდან გამგზავრებისას.

„ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას და ის აუცილებლად უნდა დამარცხდეს“, – განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გიორგი მუმლაძემ აქციის დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ადგილობრივებმა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებმა კვერცხები და ქვები დაუშინეს.

11 ოქტომბერს, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის ოფისი გახსნა. მისი თქმით, სწორედ ამ სივრციდან გაიგებს საზოგადოება, რა ნაბიჯები იდგმება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და როგორია სააკაშვილის მოსაზრება და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button