საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საფრანგეთმა ცნობად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი საქართველოს მთავრობისგან ელის, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა იმ რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან“.
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა. 2003 წელს საქართველოში დაინიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. 2006 წლის 11 მარტს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/10/2023 – ღარიბაშვილი: „დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა“
- 16/10/2023 – პრეზიდენტის წარმომადგენლები: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია
- 16/10/2023 – სალომე ზურაბიშვილი: „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა
- 16/10/2023 – პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ
- 16/10/2023 – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უცხოური ვიზიტები არაკონსტიტუციურად ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)