დაწვრილებით

ამიხსენი | კულტურის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ავტონომიას უზღუდავს

რა მოხდა: 25 სექტემბერს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 10 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები შეაჩერა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოქმედი რექტორის უფლებამოსილება 21 ოქტომბერს იწურება. არჩევნების ჩაშლის შემდეგ, ბევრი შიშობს, რომ სამინისტრო თავის სასურველ კანდიდატს დანიშნავს. 27 სექტემბერს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კონსერვატორიის საქმიანობაში ჩარევა გააპროტესტეს და პირობა დადეს, რომ დაიცავდნენ მის ავტონომიას.

არსებობს თუ არა ასეთი შეშფოთების ობიექტური საფუძველი? დიახ, მინისტრმა წულუკიანმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სამინისტროს დაქვემდებარებული კვაზი-დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ცენტრების დაშლისა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელმძღვანელების დანიშვნის კუთხით.  

დავის საგანი

  • სახელმწიფო კონსერვატორიამ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 2023 წლის 28 ივლისს გამოაცხადა, ვინაიდან მოქმედი რექტორის უფლებამოსილება 21 ოქტომბერს იწურებოდა.
  • სამინისტრომ განაცხადა, რომ 2019 წელს რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდა – პრეტენზია, რომელიც კონსერვატორიამ უარყო – და უთხრა კონსერვატორიას, შეცვალოს მისი ინსტიტუციური და მართვის სტრუქტურა.

რა უნდოდა სამინისტროს?

  • სამინისტროს ბრძანებით კონსერვატორიას დაევალა მოქმედ წესდებაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, კონსერვატორიაში არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭება და, შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრით გაზრდა. სამინისტროს თქმით, ცენტრის დეპარტამენტის სახით არსებობა არ შეესაბამება რეგულაციებს.
  • კონსერვატორიამ განაცხადა, რომ თანამშრომლობის პირობებში და რეგულაციების დაცვით, კონსერვატორიამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული წესდების პროექტი 2022 წელს წარუდგინა სამინისტროს, თუმცა პროექტის წარდგენიდან 15 თვის განმავლობაში, სამინისტროს არ მოუხდენია წესდების პროექტზე რაიმე სახის რეაგირება. ისინი ეჭვობენ, რომ სამინისტროს მოთხოვნა „პოლიფონიის ცენტრის“ სტატუსის ამაღლების შესახებ გამგეობის ერთგული წევრის დაყენებას ისახავს მიზნად.

როგორ განვითარდა კონფლიქტი?

  • უთანხმოების მოგვარების მცდელობას 29 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი, როდესაც სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მაგრამ სამინისტრომ კონტაქტები მას შემდეგ შეაჩერა, რაც გაირკვა, რომ კონსერვატორიამ 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
  • სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების შეჩერების თაობაზე. კონსერვატორიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან მოქმედი რექტორის უფლებამოსილება 21 ოქტომბერს იწურება, სამართლებრივი დავის გაგრძელება აზრს კარგავს.

რა იქნება მომავალში?

  • სამინისტრომ „პოლიფონიის ცენტრის“ მომავალი სტატუსის განსაზღვრის პროცესი დაიწყო, რასაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, დრო დასჭირდება.
  • სამინისტრომ ცენტრის სტატუსის განსაზღვრა რექტორის არჩევას დაუკავშირა, რის გამოც რექტორის არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარება შეუძლებელი გახდა.
  • ამჟამინდელ რექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემს დროებითი რექტორი დანიშნოს.

დასკვნა

მის ხელთ არსებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ინსტრუმენტების გამოყენებით, სამინისტრო კონსერვატორიის რექტორად, სავარაუდოდ, ლოიალურად განწყობილ დროებით ხელმძღვანელს დანიშნავს, ხოლო წესდებაში ცვლილებების შედეგად საბჭოშიც მისი ლოიალური წევრი დაინიშნება. მწერალთა სახლის პროცესის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ კონსერვატორიაც დაკარგავს ავტონომიას და ეყოლება მენეჯერი, რომელიც პირადად მინისტრ წულუკიანისა და მმართველი პარტიის მიმართ იქნება ლოიალური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button