ახალი ამბები

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის ხედვა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მათი მოგვარების გზებს გამოეხმაურა. „წლების განმავლობაში გატარებული რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, ქართული სასამართლო სისტემა კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის“, – განაცხადა კოალიციამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები „მართლმსაჯულების ინსტიტუციური რეფორმის ფასადურ მცდელობად უნდა შეფასდეს, რომელმაც ვერ შეძლო ქართული რეალობის მთავარ გამოწვევასთან – სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან გამკლავება“.

კოალიციის თქმით, მმართველმა გუნდმა ვერ უერთგულა სასამართლოს დემოკრატიულად გარდაქმნის პრინციპულ მიზნებს და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში, დათმობაზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან. „ამ პროცესმა ხელი შეუწყო სისტემაში განსხვავებული აზრის თანდათანობით ჩახშობას და კორპორატივიზმის გაძლიერებას.“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ხელისუფლება არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების აუცილებლობას. ამ ფონზე, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების მიზნით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

პირველი საფეხური: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება

საპარლამენტო/საგამოძიებო კომისიამ, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით, სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/კლანური და პოლიტიკური გავლენების მასშტაბი, ასევე კორუფციის დონე.

მეორე საფეხური: სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის მასშტაბის შეფასების შემდგომ, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მესამე საფეხური: სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია

სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური.

იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/პოლიტიკური გავლენების გაძლიერება და კორუფციის დონის ზრდა, კოალიციის თქმით, საჭიროა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: გადაწყვეტილებების მიღების უფრო ინკლუზიური წესის შემოღება (ორმაგი 2/3) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველყოფა; სასამართლო აქტების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება; მოსამართლეების შრომითი გარანტიების გაუმჯობესება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button