ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს’

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით და რომ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ საქართველოს უსამართლოდ აღარ მოექცეს.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია, ეს, ერთის მხრივ, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმედს და მეორეს მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს – ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია – უსაფრთხოების საკითხები –  ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია“.

მოუწადა რა ევროპელ ლიდერებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა გადამწყვეტია მთავრობისთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს“ და იქვე დასძინა, რომ „ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, რადგანაც საქართველოს ტერიტორიები კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

აღნიშნა რა, რომ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები ნატოსგან და არც ევროკავშირის წევრია, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში“.

„მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროპისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ეკონომიკურ პროექტებს, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის დაკავშირება ევროკავშირის ელექტროგადამცემ ქსელთან. მან ასევე ისაუბრა იმ „ჰარმონიულ ურთიერთობებზე“, რომელიც საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან აქვს.

„ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მიუხედავადშიდა და გარე მტრებისა, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button