ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ევროკომისიის პირობების შესასრულებლად ღონისძიებებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მიერ სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პირობების შესასრულებლად გარკვეულ ღონისძიებებს განახორციელებს.

კობახიძის თქმით, გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ დე-ოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ჩააგდებენ დე-ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ამჟამინდელ ვერსიას, რომლის მესამე მოსმენაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ვენეციის კომისიამ კანონპროექტი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის იყენებს „პერსონალურ“ და არა „სისტემურ“ მიდგომას კონკრეტული პირების „ოლიგარქებად“ გამოცხადებისთვის. ახალი სამოქმედო გეგმა ცოტა ხნის წინ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოიწონა, თუმცა დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც ასევე გადაეგზავნება ვენეციის კომისიას განსახილველად. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. „პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში“, – განაცხადა მან.

კობახიძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად:

  • უახლოეს მომავალში დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ;
  • ასევე მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი;
  • ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ;
  • გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button