შალვა პაპუაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ლასლო კიოვერს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-უნგრეთის „მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა“ და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობა გეოპოლიტიკურად რთულ ვითარებაში.
ამავე ინფორმაციით, პაპუაშვილმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის ფარგლებში.
თავის მხრივ, ლასლო კიოვერმა „დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების კუთხით“. „მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას, რასაც საფუძველს უმყარებს საქართველოს ქრისტიანული ღირებულებები და კულტურა, როგორც ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
შალვა პაპუაშვილმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და პარლამენტებს შორის დიალოგის გაღრმავებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/09/2023 – ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სტუმრობს
- 26/04/2023 – პრემიერი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)