ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით უნგრეთს სტუმრობს, 5 სექტემბერს თავის უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა და ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, სადა უნგრელ დიპლომატებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის „მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. ამასთან, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. „იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას და დასძინა, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე.

მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში  მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა  მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური  და ხალხთაშორისი   ურთიერთობების განვითარებას. მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ „მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

29/07/2022 – ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სტუმრობს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button