პოლიტიკოსები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრას აფასებენ
8 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
- 08/09/2023 – ჯოზეფ ბორელი საქართველოში შეხვედრებს მართავს
“სამოქალაქო საქართველო” გთავაზობთ პოლიტიკოსების მიერ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.
პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო ერთის მხრივ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორეს მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი… ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ. ამავდროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევრო-პარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება. სხვა დროსაც მითქვამს და ამაში ვრწმუნდები, რომ ეს არის როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსზე… მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, არ ვარგა ჩვენი პოლიცია, არ ვარგა ჩვენი არაფერი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. მე არ ვიცი ეს რა ლობიზმია…“
ოპოზიციის კომენტარი
თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არ არის მრავალი მიმართულებით თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ჩამოთვალა კონკრეტული მაგალითები, როგორიც არის რუსეთთან ფრენების აღდგენა”.
ხატია დეკანოიძე, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“: „ეს იყო რთული შეხვედრა, ვინაიდან ძალიან სპეციფიკურად, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საკითხი. საქართველოს ადგილი არის ევროპაში. დღევანდელი ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის ზუსტად ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.. ბატონმა ბორელმა თქვა შემდეგი საკითხები: პირველი, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის და საქართველოსი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სრულ თანხვედრაში“.
დავით უსუფაშვილი, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“: „ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა. ჩამოვიდა აქ საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული. დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია… ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგეს მემგონი, ნაწილზე იქეთ აუხსნეს როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს ღირსი საქართველოსი. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს… დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ.“.
ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“. ეს იმიტომ, რომ ხაზი გაესვა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას. ის ნარატივი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნიდა თითქოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამით ისინი ვერავის ვერ მოატყუებენ. სამ საკითხზე გამახვილდა კრიტიკული ყურადღება, შეიძლება ითქვას… ეს არის დეოლოგარქიზაციის საკითხი, ეს არის სასამართლო სისტემის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების საკითხი და საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი. „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ძალიან შეუსაბამო ტონი ჩემი აზრით, მე არ ვიცი უბრალოდ რა დავარქვა ამას, ეს იყო მიზანმიმართული…“.
ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: „ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩამორჩება გეგმას და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯერ კიდევ დრო არის და საჭიროა ამ დროის ეფექტიანად გამოყენება. ეს იყო ძირითადი გზავნილი, საკმაოდ მკაცრი იყო გზავნილები, მკაფიო და ხაზგასმული, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)