სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძის საქმე დახურა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 12 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“თანადამფუძნებელის, მიშა მშვილდაძის საქმის სასამართლოში განსახილველად გადაგზავნისა და გამოძიების დახურვის შესახებ გაავრცელა განცხადება.
მშვილდაძის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, საგამოძიებო სამსახურმა საქმე უშედეგოდ დაასრულა, დაზარალებულს არ მიაწოდა საქმეში არსებული ვიდეო კადრები და უგულებელყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე 28 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი – ნ.გ., რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იყო გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილია 23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი. ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
სამსახურმა ასევე გამოიკითხა 21 მოწმე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონი. საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტები და მასალები, თუმცა, სამსახურის ინფორმაციით, სხვა პირის/პირთა ბრალეულობა ვერ დადგინდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად უზრუნველყოფდა დაზარალებულისა და ადვოკატის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში. ისინი შვიდჯერ გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას და დოკუმენტს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება მოიპოვეს, რამაც ინციდენტის ადგილას სპეცისამსახურების წარმომადგებლების ყოფნა და თავდასხმაში მათი პოტენციური მონაწილეობა გამოავლინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ გიორგი მუმლაძე, რომელიც მშვილდაძეზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოშო ჩანს, მათი თანამშრომელია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს დაესხნენ თავს, მას უცნობმა პირმა სახეში ჩაარტყა. თავად მშვილდაძემ მაშინ განაცხადა, რომ ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი და რომ თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ყოფილიყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/08/2023 – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტებზე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასმებს გმობს
- 28/06/2023 – მმართველი პარტია ოპონენტებზე ძალადობრივ თავდასხმებს ამართლებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)