ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრეს-კონფერენცია
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შედეგები, საქართველოს კანდიდატის სტატუსი და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრი თავის სიტყვაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი“საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია“.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ და პარლამენტმა „უზარმაზარი სამუშაო“ გასწიეს და აჩვენეს რეკომენდაციების შესრულების „ძლიერი ნება“. „ჩვენ ვუზრუნველყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე ოპოზიციიდან, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც… რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. უფრო მეტიც, სამწუხაროდ დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატიური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია, ხოლო რამდენიმე მათგანზე, მათ შორის დე-ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, მთავრობა ორ კვირაში სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელშიც რეკომენდაციის სულისკვეთება იქნება ასახული.
ღარიბაშვილმა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებსაც გაუსვა ხაზი, რომელთა მიზანიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემის მეტი ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა. „ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შესრულდა პოლარიზაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტი, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა „რადიკალური“ ძალების „საბოტაჟზე“ და აღნიშნა, რომ „მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით მოიმატა იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით – მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას – ყველაზე ანტი-ევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს; და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში“.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის საქმეში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობისა და ევროპული პერსპექტივის მიღებით.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მიმდინარე ომმა მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა და საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. „მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის დღესაც ოკუპირებული, ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები“.
მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო იყო სანდო პარტნიოტი ნატოს მისიებში ავღანეთში, ერაყსა და ცენტრალურ აფრიკაში, რაც იმის დასტურია, რომ ის არა მხოლოდ ითხოვს დახმარებას, არამედ აქტიურად მონაწილეობს საერთო მიზნების მიღწევაში.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა „არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური“. მან განაცხადა, რომ ეს არის მუდმივი პროცესი და მუდმივი ჩართულობაა საჭირო, და მოუწოდა ყველას, მათ შორის მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ოპოზიციას ხმამაღლა განაცხადონ, რომ „საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იგი სამი გზავნილით ჩამოვიდა: პირველი ეხება იმას, რომ „საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს“; მეორე, „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა“; ბორელმა იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი წუხს, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის, და მესამე, „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პირველ გზავნილთან დაკავშირებით, უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლისას, მკაფიოდ ხედავ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ვნახე თბილისის ქუჩებში… “ მან აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ეროვნული ძალისხმევა“. ხელისუფლების როლზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშავონ, რათა შექმნან გარემო, რომელიც ამგვარ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს“. „ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, რათა ეს ისტორიული შანსი არ იქნას დაკარგული“. „არ დაკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის, თქვენ ერთად უნდა იმუშავოთ, ვინაიდან შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სწორედ დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული“, – დასძინა მან.
12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ სამი პრიორიტეტი შეასრულა, ხოლო დარჩენილ ცხრა პრიორიტეტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „არ არსებობს მოკლე გზა. ევროკავშირში გაწევრიანება დაძაბულ მუშაობას, პოლიტიკურ ნებას და ევროკავშირის ღირებულებებისადმი მკაფიო ერთგულებას მოითხოვს“.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანებას ტრანსფორმაციის უდიდესი შესაძლებლობა აქვს და უძლიერესი ვალდებულებაა უსაფრთხოების სფეროში“.
ბორელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ხელისუფლების გეგმასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაციის ზრდის რისკს ქმნის“.
მეორე გზავნილზე საუბრისას, ბორელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნას რუსეთი. მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას და ძალისხმევას, რომელიც თქვენს ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. ბევრი რამ გაკეთდა და მნიშვნელოვანი თქვენი ძალისხმების აღიარება“. შემდეგ მან გაიმეორა, რომ ევროკავში წუხს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა.
მან აღნიშნა: „ეს არის ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის ნაწილი, ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო და რასაც ველით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. და ახლა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესების ბევრი შესაძლებლობა არსებობს”.
ბორელმა განაგრძო: „ჩვენ ასევე გვჭირდება თქვენი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ომით, ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას… რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს გააძლიეროს საკუთარი მედეგობა ინფორმაციით მანიპულაციის, მათ შორის დეზინფორმაციის მიმართ“.
და ბოლო, მესამე გზავნილზე საუბრისას, უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით საქართველოს გვერდით“.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამას კონკრეტული ქმედებებითა და ინვესტიციებით ამტკიცებს. „ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს“.
კითხვა-პასუხის სესია
კითხვაზე, თუ რომელ სფეროში ისურვებდა ევროკავშირი მეტი პროგრესის ხილვას დარჩენილ დროში, და როგორია პროგნოზი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ 12-ივე პრიორიტეტი მნიშვნელოვანია და დასძინა, რომ საქართველომ ისინი დემოკრატიისთვის უნდა შეასრულოს და არა ბრიუსელის გულის მოგებისთვის. მისი თქმით, დრო ჯერ კიდევ არის. „წევრი ქვეყნებისგან იქნება რეკომენდაციები და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება. ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა და ჩემო მოლოდინები დადებითია“.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს“. მან ხაზი გაუსვა, რომ აქტიური მუშაობა მიდის კიდევ სამ პრიორიტეტზე (დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა). ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და აღნიშნა, რომ „ჩვენს არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ“. „შარშან, როდესაც მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ, კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა“, – დასძინა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ საქართველო დეკემბერში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, გაღრმავდება თუ არა ქვეყანაში პოლარიზაცია, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპოლარიზაცია შიდაპოლიტიკური საკითხია, რისი გადაწყვეტაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ. მან ერთიანობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს და კრიტიკას. „მაგრამ როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, კრიტიკა ძალიან მწვავეა, არ არსებობს თანამშრომლობა, პოლიტიკური დებატების დონე ძალიან მაღალია და ხელს უშლის ერთად მუშაობას ეროვნული ძალისხმევის განსახორციელებლად, ეს ძალიან ცუდია“.
„მეორე ფრონტის“ შესახებ განცხადებების საპასუხოდ, ბორელმა უარყო მოსაზრება, რომ ევროკავშირს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდება და ამას „ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ უწოდა. მან მოუწოდა მოსახლეობას არ მოუსმინონ ამგვარ დეზინფორმაციას და ამგვარი მცდარი ნარატივების გავრცელება რუსეთის ინტენსიურ პროპაგანდას დაუკავშირა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან თავსებადობაზე საუბრისას, ბორელმა განაცხადა: „უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველას მსოფლიოს ერთიანი ხედვა გვაქვს. თუ ყველას განსხვავებული ხედვა ექნება, საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლებელი იქნება“. მან აღნიშნა, რომ საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის მაღალი და რომ თავის წუხილი ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს აუხსნა. ბორელმა ასევე განაცხადა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა საკუთარი პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ევროკავშირის საერთო პოლიტიკასთან.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერა რეზოლუციების მიმართ 43%-ია, თუმცა დასძინა, რომ საქართველო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრია. მისი თქმით, ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იგი 500-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გყავთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ აქტიური სამოქალაქო სექტორი და წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი საკითხია. „ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე ექნება თუ არა კანდიდატის სტატუსზე უარს გავლენა საქართველოს მოქალაქეებზე დ როგორი გზავნილი იქნება ეს რუსეთისთვის, ბორელმა განაცხადა: „ნურასოდეს იტყვით, რომ ევროკავშირმა მიგატოვათ. ეს არის ის, რასაც ვერასოდეს მივიღებ“. მან დასძინა, რომ ევროკავშირს აქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. „ჩვენს ინტერესებში არაა საქართველოს მიტოვება. კარგად გვესმის ის მნიშვნელობა და ინტერესი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს ჩვენთვის“.
ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. მან მაგალითვისთვის სტუდენტი მოიყვანა, რომელიც გამოცდას ვერ აბარებს და ამაში პროფესორს ადანაშაულებს. „არა, პროფესორის შეფასება ობიექტურია. და ჩვენც ასე ვართ; ჩვენი შეფასებები ობიექტურია“.
იმავე კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეალობა უფრო რთულია და რომ საქართველო „სამართლიანი მოპყრობას“ ითხოვს. „შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი“, – დასძინა პრემიერმა.
11 სექტემბერს, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგბერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობისადმი ძირითადი გზავნილები შეაჯამა.
შენიშვნა: მასალა განახლდა 12 სექტემბერს და მასში ბორელის მიერ ვიზიტის შეჯამება აისახა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)