ახალი ამბები

პოლიტიკოსები რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მე-15 წლისთავს ეხმიანებიან

15 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის განცხადებებს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი: „7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა რეზოლუციაში, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მაშინ მხარი დაუჭირა ომის დაწყების თარიღად და მასთან იქნა დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები 7 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულში, რაც შემდეგ გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. 2014 წლამდე ისინი რუსულ ნარატივზე ისხდნენ, რადგან მოიხსენიებდნენ დაღუპულ გმირებს 8 აგვისტოს, ამ ერთ-ერთ უმძიმეს დღეს, ეს ხომ ცალსახა სპეკულაციაა, ეს ხომ მართლა რუსულ საქმეს აკეთებს… 2014 წლამდე, ვიდრე ეს სასამართლო პროცესები იქნებოდა, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, ისინი 8 აგვისტოს გადიოდნენ საფლავებზე და ამ დღეს იყო მოხსენიების დღე და ტრაგიკულ დღედ მიჩნეული 8 აგვისტო და 2014 წლის მერე შეცვალეს ნარატივი და ახლა ამით რაღაც მანიპულირება უნდათ”.

გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი: „არსებობს, შემიძლია გაჩვენოთ და გამოგიგზავნოთ მათი ბელადის, სააკაშვილის ბრძანებულება, სადაც ის პირდაპირ ახსენებს 8 აგვისტოს, როდესაც მოხდა რუსული ჯარების შემოსვლა, კონკრეტული ადგილიდან… მათივე ბელადის ხელმოწერით 8 აგვისტო წერია, თვითონ ამბობენ ვითომ 7 აგვისტოა… ეს არის ჩვეულებრივი მათი მანიპულირება“.

გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „როდესაც საქართველოს არმია მოადგება და ზუსტად იცი, რომ ომის წინაპირობებია შექმნილი, მაშინ შეგიძლია პრევენცია გააკეთო, ადამიანები გადაარჩინო და საომარი ზონიდან გამოიყვანო – ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ბოლო წუთამდე სააკაშვილის ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდა… სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები გადამალეს, ხალხი არ გამოიყვანეს და რეალურად ისეთი მდგომარეობა შექმნეს, როცა ომი გარდაუვალი იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოზიცია აბსოლუტურად სხვა იყო. ხელი მოაწერეს იმას, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება და აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული… ეს სახეა იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც დღეს რაღაც გაუგონარ და უსაფუძვლო შენიშვნებს, განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ“.

ოპოზიცია

ლევან ხაბეიშვილი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: „პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, ჩვენდა სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილის და რუსული ხელისუფლების ხელით და ეს არის ძალიან მძიმე“.

გიორგი ვაშაძე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე: „7 აგვისტოს თავს დაგვესხა რუსეთი, ეს არის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ფაქტი. მითუმეტეს 2014-ის ყირიმის ანექსიის შემდეგ, ეხლა უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ, ყველამ დაინახა, რომ რუსეთი არ გაჩერდა მხოლოდ საქართველოზე თავდასხმაზე. დანარჩენი ხალხმა ნახოს“.

გიგა ბოკერია, პარია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე: „ეს საკვანძო საკითხი იყო ჩვენი მტრის პროპაგანდის, რომ ნაწილობრივ მაინც საქართველოსთვის დაებრალებინა ის, რაც მოხდა 2008 წელს აგვისტოში და ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რეჟიმი, რომელიც ამ საკითხშიც და უფრო ფართო კონტექსტშიც მთლიანად ჩვენი მტრის პროპაგანდის ნაწილი გახდა და თანაზიარი გახდა ამისი და ამაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების რეცეპტს თავისთვის, ეს არის ჩვენი სირცხვილი“.

ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ლელო საქართველოსთვის“: „დღეს შესრულდა 15 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან საქართველოში, რომელსაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%. დღესაც ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დღესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ახერხებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს. მაგრამ ეს უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მშვიდობიანი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button