skip to content
ევროპამთავარი თემა

ისრაელის დემოკრატია საფრთხეშია?

რა ხდება?

24 ივლისს ისრაელის ქნესეთმა სასამართლო სისტემის რეფორმების პაკეტი ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცა, რამაც ისრაელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შიდა კრიზისის წინაშე დააყენა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე მთავრობამ მკვეთრად დაიჭირა ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი ისრაელელების მხარე ისე, რომ უფრო ზომიერი მოქალაქეების აზრი არ გაითვალისწინა და ქვეყანაში განხეთქილებას თესავს.
  • რეფორმა უთანხმოების საგნად იქცა ისრაელსა და მის სტრატეგიულ მხარდამჭერს, აშშ-ს შორის. ნეთანიაჰუმ ყურად არ იღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა ეცადა. ნეთანიაჰუს ნაბიჯმა გააძლიერა შიდა ამერიკული დებატები ისრაელისადმი აშშ-ს უპირობო დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე.
  • ცხადია, კრიზისი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ არც ისრაელის მოწინააღმდეგეებს, როგორიც არიან მაგალითად ჰეზბოლა და ირანი. დესტაბილიზაციამ შესაძლოა ისრაელი განსაკუთრებით მოწყვლადი მის გარშემო მრავლად არსებული მტრული ძალების მიმართ.

ანალიზი

2022 წლის დეკემბერში, 18 თვით ადრე კორუფციისა და მექრთამეობის ბრალდებით პრემიერობას ჩამოშორებული ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამჯერად, ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიების მხარდაჭერის წყალობით.  მათგან დავალებულმა ნეთანიაჰუმ, რადიკალურ პარტიებს ერთი მხრივ საკვანძო სამინისტროები ჩააბარა, მეორე მხრივ კი მყისიერად წამოიწყო სადავო სასამართლო რეფორმები.

რეფორმის არსი

ისრაელს დაწერილი კონსტიტუცია არ გააჩნია. პარლამენტიც ერთპალატიანია და მისი გადაწყვეტილებების გაკონტროლება ან შენელება ზედა პალატით ვერ მოხდება. რეფორმების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, სწორედ უზენაესი სასამართლოა ის ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც პარლამენტის და მის მიერ უფლებამოსილი მთავრობის გადაწყვეტილებების გაკონტროლება და შეჩერება შეუძლია.

24 ივლისს ქნესეთმა მხოლოდ მმართველი კოალიციის ხმებით და ოპოზიციის ბოიკოტზე მიიღო კანონი, რომლითაც უზენაეს სასამართლოს აღარ შეეძლება “გონივრული მიზანშეწონილობის” საზომი გამოიყენოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაფასებლად.

ამ პრინციპით როცა ხელმძღვანელობდა, სასამართლო ვერდიქტის გამოტანისას ინტერესდებოდა მაგალითად იმით, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო მთავრობა გადაწყვეტილების მიღების დროს, რამდენად ეფუძნებოდა ხელისუფლების ქმედება პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპს და რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები.

ნეთანიაჰუსა და მისი რადიკალი მოკავშირეების გეგმები სცილდება “მიზანშეწონილობის” მუხლის შეცვლას. მათ სურთ, ჰქონდეთ საშუალება, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე დანიშნონ მოსამართლეები, უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით დაძლიონ უზენაესი სასამართლოს ვერდიქტები, აკონტროლონ გენერალური პროკურორის ოფისი და თავად დანიშნონ მინისტრთა მრჩევლები იურიდიულ საკითხებში. დღეისათვის, მინისტრთა მრჩევლები არაპოლიტიკური ნიშნით, მიუკერძოებელი ორგანოს მიერ ინიშნებიან და მათი რეკომენდაციების შესრულება მთავრობისათვის სავალდებულოა.

რატომ აკეთებს ამას ნეთანიაჰუ?

პრემიერ ნეთანიაჰუს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში სამი ძირითადი მოტივაცია ამოძრავებს.

  • უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური. მისი მთავრობის ხელისუფლებაში დარჩენის საწინდარი ულტრამემარჯვენე და რელიგიურად ულტრაორთოდოქსი პარტიებია.
  • მეორე, იდეოლოგიური: ულტრამემარჯვენეებისა და ულტრაორთოდოქსებისათვის, სასამართლო და განსაკუთრებით უზენაესი სასამართლო არარელიგიური, ძირითადად მემარცხენე შეხედულებების ისრაელელების ხელშია და მათ ინტერესებს ატარებს. ისინი მოსამართლეებს ებრაული რელიგიური ტრადიციების საწინააღმდეგო სასამართლო აქტივიზმში ადანაშაულებენ.
  • მესამე, პირადი: კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ წამოწყებული რეფორმების გზით პრემიერს შესაძლოა საშუალება მიეცეს, აირიდოს პასუხისმგებლობა მის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე კორუფციის საქმეებზე და პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს.

თავისი რეფორმების პოლიტიკურად პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ იმით ასაბუთებს, რომ უზენაეს სასამართლოს სახელმწიფოს მართვის სადავეები უკანონოდ უპყრია ხელთ, რადგან ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტი არაა, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. პრემიერის აზრით, ამგვარ ინსტუტიტს არ უნდა შეეძლოს მთავრობის გადაწყვეტილების “გონივრულ მიზანშეწონილობაზე” მსჯელობა.

დესტაბილიზაციის რისკი

წლის დასაწყისში, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალმა, უპრეცედენტოდ ულტრამემარჯვენე მთავრობამ სასამართლო შტოს შესაზღუდად სადავო რეფორმები წამოიწყო, ასობით ათასი ისრაელელი გამოვიდა ქუჩებში. პრემიერმა მათი პროტესტი უგულვებელყო, რითაც ეროვნულ ერთობას ძირი გამოუთხარა.

ერთი მხრივ, მემარჯვენე/ორთოდოქს და არარელიგიურ ისრაელელებს შორის წარმომავლობითი ზღვარი არსებობს. პირველები ხშირად რუსეთიდან, ყოფილი სსრკ-დან, აღმოსავლეთ ევროპიდან და მაღრებიდან არიან. მეორენი – დასავლეთ ევროპიდან გამოქცეული ებრაელებისა და კიბუცების თაობის მემკვიდრეები არიან. მათ შორის ცხოვრების წესითაც დიდი სხვაობაა და პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოებას კარგს არაფერს უქადის.

მეორე მხრივ, ორთოდოქსების პოლიტიკას არ ეთანხმება ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების დიდი ნაწილი. რეფორმის წინააღმდეგ გამოსულ ასიათასობით მოქალაქეს სოლიდარობა გამოუცხადა ათასობით რეზერვისტმა. კანონის მიღების შემდეგ, სამსახურიდან ნაადრევი გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ისრაელის ერთერთი ელიტური სპეცრაზმის ყველა წევრმა, სადაც ახალგაზრდობაში ნეთანიაჰუ მსახურობდა. ასობით სამხედრო დაიმუქრა, რომ რეფორმის გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო სამსახურს შეწყვეტენ, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჰაერო ძალებში მსახურობს. სამხედროების აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმის ზოგადი საშიშროებაც რომ გვერდზე გადავდოთ,  არმიის და საჰაერო ძალების პარალიზება ისრაელის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ფრიად სახიფათოა.

ამ ყოველივეს ემატება რეფორმების გავლენის სახიფათო ბუნდოვანება ისრაელში მცხოვრები არაბების ბედზე. მართალია, ისრაელის უზენაესი სასამართლოს საქმიანობით არაბები არც აქამდე იყვნენ სრულად კმაყოფილი, თუმცა იგი მაინც რჩებოდა ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც მეტ-ნაკლებად ეხმიანებოდა პალესტინელების  ინტერესებს. შესაბამისად, არსებობს წუხილი, რომ სასამართლო სადავეების ულტრამემარჯვენე ხელისუფლების ხელში გადასვლა პალესტინელი არაბების მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, რაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული დაპირისპირების გაძლიერების საწინდარიც გახდეს.

დაძაბულობას გავლენა ექნება ისრაელის ეკონომიკაზეც.  პროტესტში ჩართულია ისრაელის ბიზნეს და ტექნოლოგიური ელიტაც, რომელთა უმრავლესობა დასავლური ცხოვრების წესს მისდევს. თუკი ისრაელს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეერყა, მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან: ევროპასა და აშშ-სთან. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ისრაელის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ხუთი პროცენტით დაეცემა.

რას უნდა ველოდეთ?

ქნესეთი საზაფხულო არდადეგებზე გადის. ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს საშემოდგომო სესიის დაწყებამდე აქვს დრო, რათა საზოგადოებრივ კონსენსუსს მიაღწიოს და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძოს რეფორმების გატარება.

თუმცა, ულტრამემარჯვენე კოალიციურ ძალებს ხისტი პოზიცია უკავიათ, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილს არანაკლებ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინააღმდეგობის გაწევა და ნეთანიაჰუსა და მისი ალიანსის ჩამოშორება მართვისაგან. ამ ფონზე, ნეთანიაჰუს კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება. ამან შეიძლება პოლიტიკური კრიზისი და დაძაბული ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს.

მეორე მხრივ, ისრაელი შესაძლოა სულ მალე უპრეცედენტო საკონსტიტუციო კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სექტემბერში განიხილავს საჩივრებს ახლადმიღებული “გონივრული მიზანშეწონილობის” კანონის წინააღმდეგ. იქმნება პარადოქსული ვითარება, როცა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ იმ კანონის ბედი, რომელიც მათი ძალაუფლების შეზღუდვას ემსახურება. ამასთან, სადავო კანონი “ძირითადი კანონის” დამატების სახით იქნა მიღებული, სასამართლოს კი მსგავსი კანონის გაუქმების გამოცდილება არ აქვს.

მასალა მოამზადა გიორგი ქელბაქიანმა, პოლიტიკოს, რეიტერსის, ტაიმის, სიენენის და ისრაელის პრესაზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button