ახალი ამბები

ღარიბაშვილი ხორვატიას სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში თავის ხორვატ კოლეგას, ანდრეი პლენკოვიჩს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების  შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ხორვატიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ასევე ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას და ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებში. „საქართველო მიესალმება ორ ქვეყანას შორის ბიზნესსტრატეგიების გაცვლას, რაც გაზრდის  ეკონომიკურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ხორვატიული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

ერთობლივი პრეს-კონფერენცია

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხორვატიასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე „ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის კუთხით. „გასულ წელს ევროპულმა საბჭომ – ევროკავშირის ლიდერებმა – გადაწყვეტილება მიიღეს (აქაც, მადლობა ხორვატიას) და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრისთვის ევროპა სამართლიან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და აღიარებს ქვეყნის ერთგულებას შეასრულოს გაწევრიანებისთვის საჭირო ვალდებულებები. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ დღის წესრიგში დატოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დეოკუპაციისა და შერიგების საკითხები, რათა გრძელვადიანი მშვიდობა იქნას მიღწეული.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით ვნახავთ წინსვლას ინსტიტუციურ სფეროში, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაწინაურდეს ქვეყანა“.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციას, პლენკოვიჩმა აღიარა სენსიტიური პოლიტიკური და უსაფრთხოების ვითარება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხვინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო და შეადარა მსგავს სიტუაციებს ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკში და დნესტრისპირეთში. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის თბილისთან სიახლოვე სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს

პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა უნდა გაუმჯობესდეს და მიესალმა სხვადასხვა ხორვატული კომპანიის, მათ შორის Konchar-ის, Yander Galanski Laboratory-ს და Docking Span-ის ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე.

ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ხორვატ კოლეგასთან

24 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად ხორვატიაში იმყოფება, თავის ხორვატ კოლეგას, გორდან გრლიჩ-რადმანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების, ისევე როგორც განხორციელებული ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. „ამ კუთხით, აღინიშნა მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა“, – განაცხადა სამინისტრომ.

ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის და ამ მხრივ არსებული პროგრესის შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ.  „ამასთან, აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა“.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button