ახალი ამბები

პოლიტიკოსები საქართველოს პროგრესზე ევროკომისიის მოხსენებას ეხმიანებიან

საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ზეპირ მოხსენებაში, რომელიც 21 ივნისს ევროკომისიამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარუდგინა, ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან სამი პრიორიტეტი (რომლებიც ეხება გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსდა და სახალხო დამცველის დანიშვნას).

ევროკომისიის მოხსენებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

მმართველი გუნდის განცხადებები

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი: „რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები… მათ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ, ყველანი ვიმყოფებით, მსოფლიო, ზოგადად ევროპაში რაც ხდება, უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან სრულად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა და ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში. ასევე, მკაფიოდ ვუთხარი ჩვენ მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი… თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს…საბოლოო ჯამში ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ბრიუსელიდან და სხვადასხვა ევროპული დედაქალაქებიდან ბევრ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გამოხმაურება გვქონდა. ფაქტია, რომ პარლამენტმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით… უფრო ხშირად გვესმის, რომ არის გაცნობიერება შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი, მაშინ როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსი არ მიეცა… ყოველდღე, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, სინამდვილეში არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ მოველით, რომ ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება“.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ჩვენ, შესასრულებელი გვქონდა 12 პუნქტი… ყველა შესაბამისი კანონი ამ თვის ბოლოს იქნება მიღებული. არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში დეპოლარიზაცია… ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე, ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული… აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, ახალი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“.

ოპოზიციის განცხადებები

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ძირეული რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო იმისთვის, რომ… საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღემდე შესრულებული არ არის და ამას დღეს, თავად ევროკომისია ამბობს,  რომელმაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს… რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის  საბოტაჟს მიზანმიმართულად ახდენს ხელისუფლება“.

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრი: „ძნელად შეიძლება 12 რეკომენდაციიდან რომელიმეს დავარქვათ თავიდან ბოლომდე შესრულებული, რადგან პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ახდენს ხელისუფლება, მედიათავისუფლებას ზღუდავს და არ ახდენს დეოლიგარქიზაციას, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო, ეს იყო სასამართლოს საკითხი და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რეკომენდაციების ნაწილში სატრაბახო „ქართულ ოცნებას“ არ აქვს“.

თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრი:  „ისინი დასავლეთის, ევროკავშირის  წინააღმდეგ გადადიან შეტევაზე  და არ აპირებენ იმ პრობლემების აღიარებას, რომელიც მათმა პოლიტიკამ შექმნა… ამ მოცემულობაში მნივშენლოვანია შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა, რომლითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, ისინი თავს ესხმიან ევროკავშირს და მეორე ხელით კანდიდატის სტატუს სთხოვენ. უნდა განხორციელდეს რეალური დემოკრატიული რეფორმები, რისი მოწოდებაც ევროკომისრის და შარლ მიშელის მხრიდანაც ვნახეთ“. 

ალექსანდრე რაქვიაშვილი, „გირჩი“: „ის სიძულვილის კამპანია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაზეც ჩვენი პოლიტიკა დგას, მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არ მოდის, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებსაც წვლილი აქვთ ამ ყველაფერში. ამიტომ შეიძლება რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ გადავდოთ, მაგრამ ეს ძალიან პატარა პასუხისმგებლობა იქნება, წილი რომ შევადაროთ იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გაკეთებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button