ახალი ამბები

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანი საქართველოს სტუმრობს

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანი, გუბერნატორი  სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ 21-22 ივნისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. გუბერნატორი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო.

შეხვედრა პრემიერმინისტრთან

22 ივნისს გუბერნატორი სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის მზაობას არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც.

ღარიბაშვილმა და ჰაჯიმუფთუოღლუმ ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორი სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, სადაც ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც „წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,  აგრეთვე მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.

მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის და გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

21 ივნისს, გენერალურ მდივანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა თურქეთს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პოლიტიკური, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების თემაც.

თავდაცვის მინისტრმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა განიხილა. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button