ახალი ამბები

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის 2023 წლის ანგარიშში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლება „კვლავ სერიოზულ და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავდა“ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ ჯგუფში სამ ჯგუფიან სისტემაში, რაც მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაააქტიურა გამოძიებები, გააუმჯობესა მოწყვლად პირთა შემოწმება და სპეციალიზირებული ჯგუფები შექმნა პოტენციურ მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით. თუმცა, არსებობს წუხილები ტრეფიკინგში მონაწილე პირთა გასამართლებისა და მსხვერპლთა გამოვლენის, ასევე რთული საქმეების გამოძიებაში არასაკმარისი გამოცდილების თაობაზე.  დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები და, ამასთანავე, ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ რა ძალისხმევას მიმართავს ის ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტრეფიკერების მიერ მსხვერპლთა გადაბირება ხდება ცრუ დაპირებებით, რომ კარგად ანაზღაურებადი სამუშაოები ექნებათ სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. ქალების და გოგონების ექსპლოატაცია ხორციელდება სექს-ვაჭრობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საქართველო „სატრანზიტო ქვეყანაა“ ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან, რომელთა ექსპლოატაციაც თურქეთში ხორციელდება.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

საქართველოში ტრეფიკინგის მაღალი რისკის ქვეშ არიან გარკვეული დაუცველი ჯგუფები, მათ შორის ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვები, ასევე სომეხი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბავშვები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, რომლებიც უსახლკაროები არიან ან ქუჩაში ცხოვრობენ. გარდა ამისა, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, ასევე რუსები, რომლებიც გაწვევას გამოექცნენ დაუცველები არიან ტრეფიკინგის მიმართ.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ანგარიშში მოცემულია პრიორიტეტული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, როგორიცაა გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება, მსხვერპლთა პროაქტიული იდენტიფიცირება, სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, სასამართლო პროცესებში მსხვერპლთა მონაწილეობის გაუმჯობესება, ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სხვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button