ახალი ამბები

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის 2022 წლის ანგარიშში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 19 ივლისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება „კვლავ სერიოზულ და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავდა“ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ ჯგუფში სამ ჯგუფიან სისტემაში, რაც მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიის ზეგავლენისა, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინა ტრეფიკინგის მსხვერპლებს, მათ შორის, სახელმწიფო თავშესაფრებში პანდემიის ზემოქმედების შემსუბუქების თვალსაზრისით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ შრომის ინსპექციების რაოდენობა გაზარდა და იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენის მიზნით მათთვის სახელმძღვანელო პრინციპები კიდევ უფრო განავითარა.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ აჭარის რეგიონში ახალი მობილური ჯგუფი და კრიზისების მართვის ცენტრი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებაა. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეც, რომელთა თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების დანიშვნის უფლება მიეცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, იმ ფაქტზე, რომ 2016 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებამ ტრეფიკინგში მონაწილე ყველაზე ცოტა პირი გაასამართლა და ყველაზე ცოტა მსხვერპლი გამოავლინა.

დოკუმენტის თანახმად, მართალია, პოლიციამ კომერციულ სექსდაწესებულებებშე რეიდები მოაწყო, ისინი მკაფიო სტრატეგიისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირების გარეშე განხორციელდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო „სატრანზიტო ქვეყანაა“ ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან, რომელთა ექსპლოატაციაც თურქეთში ხორციელდება. ამასთან, თბილისისა და ბათუმის საუნებში, ბორდელებში, ბარებში, სტრიპტიზ კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში ცენტრალურ აზიელ ქალთა სექსუალური ექსპლოატაცია ხორციელდება.

აღნიშნავს რა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ანგარიში აცხადებს, რომ ანეკდოტური მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მიგრანტები იძულებითი შრომის მსხვერპლი არიან, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელები, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ და რომელთაც მუშაობას, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აიძულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button