ახალი ამბები

ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 31 მაისს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მან რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, საქართველოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასევე ომი უკრაინაში და რუსეთთან ურთიერთობები.

ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რასაც ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი ვცდილობთ ევროპელ კოლეგებამდე მივიტანოთ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ საკითხში არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას… საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვქონდეს ევროკავშირთან დაახლოების წინსვლა, წინსვლა, [არა მხოლოდ] მიიღოს სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით… ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „[პრეზიდენტმა] რა განცხადებებიც გააკეთა, ვივარაუდე. ჩემი პროგნოზი ასეთი იყო…, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი უზრუნველყო, ჩემი აზრით, ხალხის აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ. ოღონდ, ერთი უნდა დავამატო – ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე როდესაც გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა. ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა“.

კახა კალაძე – „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი/დედაქალაქის მერი: „მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა საერთაშორისო პლატფორმები… გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს… თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, ყველა კომპონენტში… წინ ვართ ყველა იმ ქვეყნებზე, რომლებსაც სტატუსი მიენიჭა“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ბეჟაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „როცა პრემიერმინისტრი და უმრავლესობის ლიდერები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და პრაქტიკულად, ქვეყნის საგარეო კურსს ცვლიან, პრეზიდენტი ბევრად უფრო მწვავე უნდა იყოს… პოლიტიკური კომენტატორის როლიდან უნდა გამოვიდეს და აქტიური მოქმედებები განახორციელოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში, რათა პოლიტიკური ბალანსი ევროპის სასარგებლოდ აღადგინოს“.

ანა ბუჩუკური – „საქართველოსთვის“: „საქართველოს პრეზიდენტისგან ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ… განსაკუთრებით რამდენიმე გზავნილი მომეწონა იმ ფონზე, თუ რა განცხადებებსაც ვისმენთ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელების მხრიდან მსგავსი ტრიბუნების გამოყენების დროს“.

პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ის [პრეზიდენტი] მიეჩვია ნახევარი სიმართლეების საუბარს, ვიღაცებს მოსწონთ ეს ნახევარი სიმართლეები და ტაშს უკრავს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი ნახევარ სიმართლეს საუბრობს… კი, რამდენიმე სწორი აქცენტი ჰქონდა, ვაღიარებ, მაგრამ რამე შეიცვალა? – არაფერი“.

ჰერმან საბო – „გირჩი“: „ქალბატონი პრეზიდენტისგან უფრო კარგი სანახავი იქნებოდა მეტი კონკრეტიკა, რა პრობლემებს ხედავს, როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემების გამოსწორება… მაგრამ მან გადაწყვიტა მაღალი ტრიბუნიდან უფრო შემრიგებლური ტონი ჰქონოდა და ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, რომ ქართველი ერისთვის… ევროპა როგორც სტრატეგიული არჩევანი, შეუცვლელია“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო იმასთან დაკავშირებით, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით და ამ გზის წარმატებით გავლის კუთხით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button