skip to content
ევროპაევროპის მოამბემთავარი თემა

სომხეთ-აზერბაიჯანი: დიპლომატია სხვა ხერხებით

16 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეიარაღებულ ძალებს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი განახლდა, მათ შორის, არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური ესკალაცია, არა მთიან ყარაბაღში ან მიმდებარედ, არამედ სომხეთის სიუნიქის რეგიონში მოხდა. ცეცხლი რუსეთს შუამავლობით, დაწყებიდან ერთ დღეში კი შეწყდა, თუმცა მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მიზეზი — სავაჭრო კორიდორების კონტროლი — ჯერაც არ აღმოფხვრილა.

რა მოხდა:

16 ნოემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, მხარეები არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი და დანაკარგები მოჰყვა.

17 ნოემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებებისას დაიღუპა ექვსი სომეხი სამხედრო მოსამსახურე, 13 ტყვედ ჩავარდა, 24 სამხედროსთან კი კავშირი დაიკარგა. ოფიციალური ბაქო 7 გარდაცვლილი და 10 დაჭრილი სამხედროს შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოწინააღმდეგეს დიდი ტექნიკურ-მატერიალური ზიანი მიადგა, ხოლო დაჭრილი და დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების რაოდენობამ 70-ს მიაღწია.

ვითარება რუსეთის უშუალო შუამავლობთ განიმუხტა: ჯერ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და მის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შორის შედგა სატელეფონო საუბრები. მოგვიანებით კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით განიხილეს არსებული ვითარება. თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმაც ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობის შესახებ. საბოლოოდ, კონფლიქტის მხარეებმა კრემლის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სომხურმა მხარემ ორ საგუშაგოზე კონტროლი დაკარგა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი:

  • დადასტურდა, რომ 2020 წლის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ დაზავებით კონფლიქტი არ ამოწურულა. პირიქით, იმ ომის დასრულებით უთანხმოების ახალი მიზეზები გაჩნდა, განსაკუთრებით საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისა და ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის საკითხის გარშემო;
  • გამოიკვეთა აზერბაიჯანის ნება, განაგრძოს სამხედრო ძალის გამოყენება, რათა აიძულოს სომხეთი, ბაქოს ნახიჭევანთან დამაკავშირებელი სიუნიქის რეგიონის გავლით გზა გაუხსნას. ერევანი შიშობს, რომ აზერბაიჯანი შეეცდება აღნიშნულ რეგიონზე დე ფაქტო კონტროლი დაამყაროს;
  • ყარაბაღის გარშემო კონფლიქტისაგან განსხვავებით, ახლადდადგენილი საზღვრის გასწვრივ, მაგისტრალურ გზებზე დამატებითი ცხელი წერტილები და ლაჩინის/ზანგეზურის გარშემო დაპირისპირება უშუალოდ სომხურ და აზერბაიჯანურ ძალებს შორის ხდება, რასაც შესაძლოა რუსეთისა და თურქეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას;
  • ზავის დადებაში შუამავლობით, კრემლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტში უალტერნატივო მედიატორია, თუმცა ესკალაციის ფაქტმა მისი პოზიციის სიმყიფეც აჩვენა.

ანალიზი:

ბოლოდროინდელი ესკალაციის საკვანძო მიზეზი სატრანსპორტო კორიდორები და მათზე კონტროლია. ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მხარეები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას .

  • აზერბაიჯანისათვის, ამ მხრივ, მთავარია ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, რომელიც ბაქოს მიერ ხელახლა დაკავებულ შუშას, სომხეთის ტერიტორიის – გორისისა და სისიანის – გავლით, აზერბაიჯანის ნახიჭევანს და მისი გავლით თურქეთს დაუკავშირებს. ბაქოს სურს ეს „კორიდორი“ სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ არ იყოს და მას რუსი მშვიდობისმყოფელები აკონტროლებდნენ.
  • სომხეთისათვის, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია საბჭოთა პერიოდში აშენებული გორისი-კაპანის გზატკეცილი, რომელიც სიუნიქის რეგიონს ერევანთან აკავშირებს. ეს გზა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გადის და რეგიონის რთული, მთიანი გეოგრაფიის გამო, აზერბაიჯანის ტერიტორიას ორ მონაკვეთში კვეთს (იხ. რუქა). აღნიშნულ გზას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთის ეკონომიკისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს სახმელეთო კავშირს ირანთან, მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.

სომხეთი ყოველნაირად ცდილობს, ფეხი აითრიოს ზანგეზურის გზის გახსნაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შედეგად ეს გზა სომხეთის სუვერენული კონტროლის გარეთ აღმოჩნდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუკი მოლაპარაკება არაფერს მოიტანს, ის მზადაა, კორიდორი ძალით გაჭრას. ბაქო გორისი-კაპანის გზის აზერბაიჯანზე გამავალ მონაკვეთს ერევანზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

ყარაბაღის ომის ექო

სომხეთის სიუნიქის რეგიონის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო პოზიციები იქ მხოლოდ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გამოჩნდა. მანამდე რეგიონში საზღვარი ფორმალური იყო, ვინაიდან მისგან აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აკონტროლებდა. ომის ბაქოს სახეიროდ დასრულებამ, სურათი შეცვალა.

გასულ კვირას, აზერბაიჯანმა გორისი-კაპანის საავტომობილო გზის კაპანი-ჩაკატენის მონაკვეთზე, რომლის 20კმ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა, საბაჟო პუნქტები განათავსა. აზერბაიჯანი სომხეთის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ სომხეთის მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებოდათ მაგისტრალის იმ მონაკვეთებით სარგებლობისას, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გადასცა. თუმცა, აზერბაიჯანმა ამ გზატკეცილზე საბაჟო კონტროლის დაწესებით, ფაქტობრივად, გზა დაკეტა სომხებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო პოსტები ზუსტად იმ პერიოდში განთავსდა, როდესაც ერევანმა გაავრცელა ინფორმაცია ტატევის გავლით, ალტერნატიული გზის შეკეთების დასრულების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიას აღარ გადაკვეთს. თუმცა, შემოვლითი გზა რთულ, მთიან რელიეფზე გადის.

შეტაკების პრელუდია

სასაზღვრო ესკალაციას წინ უძღვოდა ყარაბაღსა და სიუნიქის რაიონში მზარდი დაძაბულობა. მხარეები რეგულარულად ავრცელებდნენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიარაღებული ინციდენტების  შესახებ. სიტუაცია განსაკუთრებით 14 ნოემბრიდან გამწვავდა, როცა ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ აღმოსავლეთ მიმართულებით. შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოთხი საბრძოლო პოზიცია ბლოკადაში აღმოჩნდა. რუსული მხარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა სომხეთის ტერიტორიიდან გავიდა. თუმცა, სომხურმა ქვედანაყოფებმაც დატოვეს ოთხივე პოზიცია.

ამის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ამ პოსტზე ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი დანიშნა, რომელსაც სამხედრო სფეროში გამოცდილება არ აქვს.

შეტაკების შედეგი

ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორც დაპირისპირებული მხარეების ანგარიშებიდან ირკვევა, შეტაკებას დიდი ცვლილებები არ მოჰყოლია. თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ დაკარგეს კონტროლი ორ სიმაღლეზე. ზოგიერთი აზერბაიჯანული წყარო იუწყება, რომ ეს სიმაღლეები აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის კონტროლს გაუადვილებს, თუმცა ჯერაც არაა ცხადი, რამდენად შეეფერება ეს განცხადება სინამდვილეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყარაბაღის ომის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანმა სომხეთის 41 კვადრატული კილომეტრი მიითვისა, რაც, მისი თქმით, ბაქოს აგრესიულ გეგმებს მოწმობს.

სადავო საზღვრები

კიდევ ერთი სადავო საკითხი, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, ომის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციაა. ბაქო ამას ესწრაფვის, სომხეთი კი თავს არიდებს – რადგან საზღვრების დელიმიტაციის სავარაუდო შედეგი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარება იქნება. ორაზროვან ვითარებაში, ბაქო სამხედრო უპირატესობას თავის სასარგებლოდ იყენებს და ნელ-ნელა მიიწევს წინ. ერთი მიზანია, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის საგზაო კომუნიკაციის გადაჭრა, რაც სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებით შეიძლება მოხდეს. გარდა ზანგეზურის კორიდორის მიმდებარე სტრატეგიული რაიონებისა, ბაქოს ინტერესის საგანია აზერბაიჯანული შვიდი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც ექსკლავის სახით სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილშია მოქცეული. ერთ-ერთი ასეთი ექსკლავის კონტროლი საშუალებას მისცემს ბაქოს ერევნიდან თბილისისაკენ მიმავალი გზაც გააკონტროლოს. ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას უკავშირებს მოსკოვში არშემდგარ შეხვედრას, მთიანი ყარაბაღის ომიდან ერთი წლის თავზე, სადაც ვითომდა იგეგმებოდა დამატებითი დოკუმენტების ხელმოწერა საზღვრების დელიმიტაციის თაობაზე. მათი თქმით, სომხურმა მხარემ დოკუმენტების ხელმოწერაზე ბოლო მომენტში უკან დაიხია, ბაქომ კი ერევნის დასაყოლიებლად სამხედრო ძალას მიმართა. ამ ამბავს სომხური წყაროები უარყოფენ.

საერთაშორისო რეაქცია

ოფიციალურმა ერევანმა კონფლიქტი თავის სუვერენულ ტერიტორიაზე მიტანილ იერიშად შეაფასა და რუსეთს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თხოვნით მიმართა, რაც 1997 წლის ორმხრივი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამჯერად, რუსეთმა შეძლო პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშე მიეღწია ცეცხლის შეწყვეტისათვის.

კონფლიქტის მხარეებს  საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა  აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა. კონსტრუქციული დიალოგისა და გადაუჭრელი საკითხების მოგვარებისკენ მხარეებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც მოუხმო.

საერთაშორისო აქტორების გავლენა ყარაბაღის ომის შემდეგ მკვეთრადაა შემცირებული, თუმცა როგორც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, „სომხეთი მიიჩნევს, რომ კრიზისის მოგვარება შესაძლებელია რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უშუალო დახმარებით. მაგრამ თუ ისინი ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ ერევანს მოუწევს მიმართოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს“. ეს რიტორიკული მუქარა მოსკოვისთვის ერევნის გამაფრთხილებელ გზავნილად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა საეჭვოა, რამდენად სურთ და აქვთ საშუალება დასავლელ აქტორებს, ამ კონფლიქტში ჩაერიონ.

რას უნდა მოველოდეთ:

  • სასაზღვრო კონფლიქტზე ზავი დროებითი იქნება. თუკი დიპლომატიური გარღვევა არ მოხდა, ან რუსეთმა ღიად და სამხედრო ძალით არ დაუჭირა მხარი სომხეთს, აზერბაიჯანი შეეცდება ტაქტიკურ ამოცანებს სამხედრო ძალით ან მისი მუქარით მიაღწიოს.
  • სანამ საზღვრები საბოლოოდ დადგენილი არაა, რუსეთის მშვიდობისმყოფელიების პოზიცია მყიფეა. კრემლის რეგიონულ ინტერესებზე, მათ შორის, ანკარასთან და ბაქოსთან გარიგებაზეა დამოკიდებული, რამდენად დააჩქარებს ის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას.
  • საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებამ სომხეთში შიდა არეულობა შეიძლება მოიტანოს. მოსახლეობა ამ საკითხს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს. ხელისუფლების მიმართ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური უკმაყოფილება გაიზრდება. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ დღის წესრიგში აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ მოსმენის შეტანაზე უარი განაცხადა, სომხეთის ორმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
  • თუკი დადასტურდა, რომ აზერბაიჯანმა სიუნიქის რაიონში ავტომაგისტრალის თავზე სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა, სომხეთის შიდა კომუნიკაციებს იმდენად სერიოზული საფრთხე დაემუქრება, რომ მოუწევს ზანგეზურის დერეფნის გახსნას დათანხმდეს, ოღონდ რუსეთის კონტროლქვეშ.

დასკვნის სახით

სავარაუდოდ, რეგიონში დაძაბული ატმოსფერო კიდევ ხანგრძლივად შენარჩუნდება. მთიანი ყარაბაღის ომი დასრულდა, მაგრამ რუსეთის მიერ მართული მშვიდობა კვლავაც ფეთქებადსაშიშია. აზერბაიჯანს და სომხეთს სადავო საკითხების გადაჭრამდე გრძელი და მტკივნეული გზის გავლა მოუწევთ . მათი კონფლიქტის დინამიკა გადამწყვეტი იქნება რეგიონული ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში და საქართველოზეც მოახდენს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გავლენას.

მსგავსი/Related

Back to top button