Placeholder canvas
ევროპა

კობასნა: სამხედრო და პოლიტიკური ნაღმი მოლდოვაში

ევროპაში იარაღისა და საბრძოლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. საცავის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა და მაშინ ის დნესტრისპირეთში რუსული მე-14-ე არმიის დარჩენის ერთ-ერთ მთავარ საბაბად იქცა, რითაც არმიის მეთაურს, გენერალ ალექსანდრ ლებედს, 1990-იან წლებში რუსეთში პოლიტიკური კარიერაც გაუხაზირა.


ომი უკრაინაში და კობასნას “დაბრუნება”

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ კობასნას საცავი კვლავ გეოპოლიტიკური, სამხედრო და მედია თამაშების ფოკუსში მოაქცია:

  • 2022 წლის 27 აპრილს საცავის სიახლოვეს დრონები დააფიქსირეს, რომლებიც სოფელში ჩამოაგდეს. დნესტრისპირეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონები უკრაინის მხრიდან გამოჩდნენ. თუმცა, ამის დადასტურება კიევის მხრიდან არ მომხდარა. მანამდე დნესტრისპირეთში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, აფეთქების შედეგად, ორი რადიო ანტენაც დაზიანდა. უკრაინამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, რომელიც კიევის შეფასებით, მსგავსი ქმედებით მოლდოვის ომში ჩათრევას ცდილობს.
  • 2022 წლის 10 ოქტომბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე კობასნას სიახლოვეს გადაკვეთა.
  • 2023 წლის 24 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიმუქრა, რომ სათანადოდ უპასუხებს უკრაინული მხარის პროვოკაციას დნესტრისპირეთში, მათ შორის დაიცავს კობასნას საცავს. 23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე ყალბი დროშით აპირებდა ოპერაციის ჩატარებას, რომ შემდეგ ბრალი რუსეთისთვის წაეყენებინათ.

ვის რა შიშები და იმედები აქვს?

  • მოლდოვის პრო-ევროპული ხელისუფლება შიშობს, რომ კობასნას ფაქტორი რუსეთმა კიდევ ერთხელ შეიძლება გამოიყენოს ქვეყნის დასავლური ტრაექტორიის შესაფერხებლად. განსაკუთრებული კიშინაუში მაშინ ეშინოდათ, როცა რუსეთის ოდესაზე შეტევა რეალური ჩანდა, ხოლო რუსი პროპაგანდისტები დნესტრისპირეთიდან უკრაინის ზურგში დარტყმაზე ხშირად ლაპარაკობდნენ. მოლდოვა იმასაც შიშობდა, ამ საუბრებს უკრაინის მხრიდან არ გამოეწვია პრევენციული დარტყმა.
  • უკრაინას ზურგში რუსი სამხედროების ყოფნა სულაც არ ეპიტნავება და მათ პერიოდულად მუქარას უთვლიდა, ხოლო დრონებით, სავარაუდოდ იმას ამოწმებდა, მართლა თუ აპირებდნენ იქედან სამხედრო აქციების განცორციელებას. ამავე დროს, ზოგიერთი დასავლელი მიმომხილველი თვლიდა, რომ კობასნაში განლაგებული ათეულ ათასობით საარტილერიო ჭურვი უკრაინას, რომლის არტილერიამაც საბჭოთა, 152-მმიანი ჭურვების მარაგი პრაქტიკულად ამოწურა ფრიად წაადგებოდა.
  • რუსეთისთვის ტაქტიკურად კობასნას გარნიზონის არსებობა იმას ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედროების ყურადღება იქეთაცაა მიმართული და ამდენად ფრონტის აქტიურ ხაზს წყდება. ამავე დროს, უკრაინაში აგრესიის საწყის ეტაპზე, ჩანს, რეალურად არსებობდა მოლოდინი, რომ ოდესის ოლქის ხელში ჩაგდების შემთხვევაში რუსული ჯარები დნესტრისპირეთისკენ მოძრაობას გააგრძელებდნენ და ამით კიშინაუში კრემლისადმი მეგობრულ რეჟიმს დააფუძნებდნენ.

ანალიზი: როგორია საქმის რეალური ვითარება?

როდის და რისთვის აშენდა საცავი?

კობასნას საცავი XX საუკუნის 40-იან წლებში დაფუძნდა. საბჭოთა პერიოდში აქ საბჭოთა კავშირის დასავლეთ სამხედრო ოლქის სტრატეგიული არსენალი ინახებოდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით ფრონტის ხაზი უნდა მოემარაგებინა. საბრძოლო მასალების ძირითადი ნაწილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ საბჭოთა ჯარების გამოსვლის შემდეგ განათავსეს. საცავის დაცვა და მართვა საბჭოთა კავშირიდან რუსეთმა გადაიბარა.

სად მდებარეობს კობასნას საცავი?

იარაღისა და საბრძოლო მასალების საცავი სოფ. კობასნაში (რუსულად Колбасна), მოლდოვაში, მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა. სოფელი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვიდან 124, დნესტრისპირეთ-მოლდოვის ე.წ. საზღვრიდან 20, უკრაინის საზღვრიდან კი – 2 კილომეტრში მდებარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის საცავის მონახულების უფლება შეზღუდულია. მის შესახებ სანდო ინფორმაციას მხოლოდ რუსი სამხედროები და სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები ფლობენ. ორი ათეული წელია საცავი არ მოუნახულებია მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელსაც.

რა ინახება საცავში?

დღეს საცავში, სავარაუდოდ, 20 ათასი ტონა საბრძოლო მასალა – ჭურვი, ავიაბომბი, ნაღმი, ყუმბარა, თუ ვაზნა – უნდა ინახებოდეს. ამ მასალიდან რამდენია ვარგისი, ან თუნდაც რეალურად განადგურებული, სანდოდ არავინ იცის. ზოგი ამბობს, რომ რაც ვარგისი იყო, უკვე რუსეთში გაიტანეს, ვადაგასული ტყვია-წამალი კი ადგილზე გაანადგურეს ჯერ კიდევ გენერალ ლებედის დროს. ეს ნაწილობრივ იმითაც დასტურდება, რომ აქ შენახული იარაღმა და საბრძოლო მასალამ თავი მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც ამოყო.

ევროპის უშუშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მისიის შეფასებით, 42 ათასი ტონა საბრძოლო მასალიდან 2001 წელს საცავიდან გაიტანეს 1 153 ტონა, 2002 წელს – 2 405 ტონა, 2003 წელს – 16 573 ტონა. გატანა ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდა, რისთვისაც ორგანიზაციამ 3 მლნ აშშ დოლარამდე დახარჯა.

2003 წლის ბოლოდან, დნესტრისპირეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, სამხედრო ქონების გეგმიური გატანა შეჩერდა, რის საბაბადაც კიშინაუსა და ტირასპოლს შორის დაძაბულობა იქცა.

ვინ დგას კობასნას სადარაჯოზე?

დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედროების გარდა, საცავს დნესტრისპირეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ჯგუფის (სამხედრო დანაყოფი N13962) ათასამდე სამხედრო იცავს. 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე რუსეთის მიერ მოლდოვადან ჯარების გაყვანის აღებული ვალდებულების მიუხედავად, აქ დღემდე დგას რუსეთის შეიარაღებული ძალების 1500-მდე სამხედრო, რომელთა დიდი ნაწილი საცავს იცავს, მცირე ნაწილი კი “სამშვიდობო მისიაში” მონაწილეობს.

რუსული სამხრეებით აქ განჩინებული სამხედროების ძირითადი ნაწილი სეპარატისტულ რესპუბლიკაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივები არიან. მცირეა რუსეთიდან ჩამოსული სამხედროების წილი, რომლებიც 2014 წლამდე ექვს თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით იცვლებოდნენ. თუმცა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გეგმიური როტაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

მოლდოვის მოთხოვნა და რუსეთის პოზიცია

მოლდოვის მთავრობა პერიოდულად ითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დნესტრისპირეთი დატოვონ. 2020 წლის 30 ნოემბერს მოლდოვის პროდასავლურმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსი სამხედროების, როგორც მშვიდობისმყოფელების, ასევე საცავის მცველების, გაყვანა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ჯგუფის საქმიანობისა და იარაღის საცავის შესახებ. სანდუს თქმით, საცავში არსებული საბრძოლო მასალების განადგურებას მხარს უჭერდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მოლდოვაში იმყოფებოდა. შოიგუს პოზიციას 2019 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იზიარებდა. გატანის პროცესს, ტექნიკური და ფინანსური კუთხით, სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ეუთო.

2020 წლის დასაწყისში რუსეთმა ეტაპობრივად დაიწყო კიდეც დნესტრისპირეთის რეგიონის დემილიტარიზაციისთვის მზადება. კერძოდ, საბრძოლო მასალების ლიკვიდაციისთვის დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. 2021 წლის 11 აგვისტოს სანდუ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკსაც შეხვდა, რომელმაც შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საწყობში არსებული მარაგების საგრძნობი ნაწილის გამოყენების ვადა ამოიწურა და ისინი არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას და ამდენად მათი განადგურება რუსეთის ინტერესებშიც შედიოდა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მოსკოვის ინტერესი ამ მიმართულებით გაქრა.

კრემლის პოზიციის მიუხედავად მოლდოვა კვლავაც აქტიურად ითხოვს მისი ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანას, რაშიც მას ეუთოც მხარს უჭერს. 2022 წლის 1 დეკემბერს მოლდოვამ ეუთოს სხდომაზე დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ კი ყურადღება გაამახვილა კობასნას საცავზე, რომელიც მათი შეფასებით, მოლდოვაში უკანონოდ არის განთავსებული.

აფეთქება – მთავარი საფრთხე

2005 წელს მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით იმ საბრძოლო მასალების, რომლის ტრანსპორტირებაც ვერ ხერხდება, აფეთქების ძალა 10 კილოტონა იქნება, რაც 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქებული ბირთვული ბომბის ექვივალენტია. ანგარიშის თანახმად, საცავში დაახლოებით 20 000 ტონამდე საბრძოლო მასალაა დარჩენილი. მისი აფეთქების შემთხვევაში პირველადი დამრტყმელი ტალღის მოქმედების რადიუსი 40-50 კმ შეიძლება იყოს, რაც დიდ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და გამოიწვევს ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფას მოლდოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა და უკრაინის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 500-დან 3 ათას კვადრატულ კილომეტრამდე იქნება.

ამგვარი აფეთქების შიში კიდევ უდრო გაიზარდა, 2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტთან მდებარე საწყობში განთავსებული დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემდეგ, რამაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა.

ამ თემაზე საუბარი 2023 წლის თებერვალშიც იყო – 27 თებერვალს, სეპარატისტული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ვადიმ კრასნოსელსკიმ რესპუბლიკის „გარე პერიმეტერზე“ არსებული ვითარება “დაძაბულად” შეაფასა, ხოლო რუსული პრესა წერდა, რომ რუმინეთში სწორედ კობასნას აფეთქების შესაძლებლობის გამო შფოთავდნენ.

დასკვნის მაგივრად

  • რუსეთისთვის საცავში არსებული იარაღისა თუ საბრძოლო მასალის დიდ ნაწილს, დიდი ალბათობით, რეალური საბრძოლო დანიშნულება აღარ აქვს. ვარგისი ნაწილი წლებია უკვე რაც გატანილია ან გაყიდული. რუსეთისთვის კობასნას საცავის შესაძლო აფეთქების საკითხი უფრო მოლდოვის, უკრაინისა და მათი მოკავშირეების, რომლებსაც საცავის აფეთქება უშუალოდ დააზიანებს, შანტაჟის ინსტრუმენტია. რუსეთისთვის საცავის დაცვის აუცილებლობა მოლდოვაში, კერძოდ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში, საკუთარი სამხედრო ძალების ყოფნის ლეგიტიმაციისთვისაც სჭირდება.
  • მოლდოვასთვის საცავის დახურვა მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, ასევე ქვეყანაში რუსული სამხედრო გავლენის შემცირების თვალსაზრისით. დნესტრისპირეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო დანაყოფის დიდი ნაწილი სწორედ კობასნასთან არის დისლოცირებული, შესაბამისად საცავის დახურვა, მათი ყოფნის აუცილებლობისთვის საჭირო არგუმენტებს შეასუსტებს.
  • უკრაინისთვის, მოლდოვის მსავსად, საცავის დახურვა მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, ასევე მისი საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო დანაყოფის ყოფნის შედეგად წარმოქნილი რისკების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კობასნას საცავს მცირე რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე იცავს, მაღალია რისკი, რუსეთმა საცავთან დისლოცირებული სამხედრო კონტიგენტი უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის გამოიყენოს.
  • ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინულ მხარეს საცავის ხელში ჩაგდება იქ არსებული, ძირითადად, მოძველებული და ვადაგასული საბრძოლო მასალების დაუფლების მიზნით სურდეს. საცავის სამხედრო გზით დაკავების შესაძლებლობა არარეალურად გამოიყურება, რადგან მაღალია სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საცავის აფეთქების რისკი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინაში რუსეთის შემდგომმა სამხედრო წარუმატებლობამ, შესაძლოა, ისეთი გარემო შექმნას, როდესაც თავად რუსეთისთვისაც დაკარგავს მნიშვნელობას რუსეთის ტერიტორიიდან მოშორებით მდებარე კობასნას საცავი.

მსგავსი/Related

Back to top button