skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 26 მაისი

ლიეტუვური სკანდალი

დიდი პოლიტიკური სკანდალი მომწიფდა ლიეტუვაში, რაც შეიძლება მთავრობის გადადგომითა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებით დასრულდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ადგილობრივ საბჭოებში მოკალათებული პოლიტიკური პარტიების უხელფასო წარმომადგენლები, თურმე მუნიციპალურ ბიუჯეტებში თავისუფლად აფათურებდნენ ბინძურ ხელებს და სვადასხვა სქემის მეშვეობით,  მუნიციპალური ბიუჯეტიდან ახდენდნენ საკუთარი ხარჯების ანაზღაურებას. მაგალითად, გამოირკვა, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში, დიდი ოდენობით მუნიციპალური თანხებია გამოწერილი და განაღდებული ვითომ სამგზავრო ხარჯების ანაზღაურებაზე, არადა, ამ დროს, გადაადგილება ფრიად შეზღუდული იყო.  სკანდალის ფონზე, უკვე გადადგა ლიეტუვას განათლების მინისტრი, რომელიც გამინისტრებამდე თურმე ქ. კაუნასის ადგილობრივ საბჭოში საქმიანობდა, სადაც აღმოჩნდა, რომ ქვითრებისა და ზედნადებების შენახვაზეც კი, არავინ იწუხებდა თავს. მმართველი კოალიაცია ამ დიდ ჩავარდნას აღიარებს და ამბობს, რომ პრინციპში თანახმაა პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაზე. პრემიერიც გაიძახის, თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნა, მაშინ მეც გადავდგები და მთავრობასაც გადაყენებულად გამოვაცხადებო. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებში ეშმაკობას ხედავს და თვლის, რომ ჯერ მთავრობა უნდა გადადგეს და თუ პარლამენტი ახალ მთავრობას ვერ დაამტკიცებს, მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოკლედ, პატარა ლიეტუვა დიდ პოლიტიკურ რყევებშია, არადა, კარს ნატო-ს მნიშვნელოვანი სამიტია მომდგარი, რომელიც ვილნიუსში უნდა გაიმართოს.


ნორვეგიული წვლილი  

იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის შეირაღებულ ძალებს „ფრთების შესხმაში“ უნდა დაეხმარონ ნორვეგიაც შეემატა. გასულ კვირას, ნორვეგიამ მზადყოფნა გამოთქვა, სხვა მოკავშირე ქვეყნებს მხარში ამოუდგეს და უკრაინელ პილოტებს F16-ების მართვის ათვისებაში დაეხმაროს. ეს ინფორმაცია ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმაც დაადასტურა და იქვე დასძინა – ჯერჯერობით არაფერი ვიცით თუ რამდენად შევძლებთ თავად თვითმფრინავებით დახმარებასო. მანამდე, უკრაინელი პილოტების მომზადებას მწვანე შუქი აუნთო აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, მანვე უნდა გასცეს საექსპორტო ნებართვა ამერიკული წარმოების F16-ების უკრაინისთვის გადაცემაზეც. უკრაინული პილოტების მომზადებაზე ყაბულსაა საფრანგეთიც. უკრაინის დასავლური სამხედრო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის რთული საქმე დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა ითავეს და როგორც ჩანს, პირველი მნიშვნელოვანი თანამოაზრეებიც გაიჩინეს. როგორც ამბობენ, რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკრაინისთვის შედარებით ძველი თაობის F16-ების გადაცემას მართლაც განიხილავს, თუმცა საბრძოლო თვითმფრინავებამდე, პილოტების მომზადებაა საჭირო, რაც “დიდ სამხედრო ავიაციაში” არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე თავად თვითმფრინავის ქონა.


გასეირნება ყარაბაღში

ორიოდე დღის წინ, მნიშვნელოვანი ამბები მოვიდა მოსკოვიდან, სადაც ვლადიმირ ვლადიმერის ძემ ილხამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ევრაზიული კავშირის სხვა მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებსაც მოუყარა თავი. კრემლის კედლებში გამომწყვდეულ ევრაზიულ კომპანიაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილხამ ალიევმა გამოაცხადა, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარა, რაც სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ნოყიერ ნიადაგს ქმნისო. ამას არც ფაშინიანი უარყოფს და ამბობს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ. ფაშინიანის ამ რთულ გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები უძღოდა, რომელიც მოსკოვის გარდა, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც მიმდინარეობდა. არის მოლოდინი, რომ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების ეტაპობრივი განბლოკვა და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების ამოქმედება უნდა მოჰყვეს.  საინტერესოა რამდენად მოხერხდება სომხეთი-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დადება, რისთვისაც თითქოს  სიტუაცია უფრო მომწიფებულია, ვიდრე ოდესმე. ამასთან, რთული სათქმელია თუ რა მოჰყვება ფაშინიანის ამ ნაბიჯს თავად სომხეთსა და ყარაბაღში, ისიც გასაგებია, რომ ამ მძიმე, მაგრამ გაბედულ გადაწყვეტილებას სომხეთში ბევრი არ გაიზიარებს. მოკლედ, უახლოეს სამეზობლოში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც არც თუ უმნიშვნელო გავლენას საქართველოზეც მოახდენს.


სასოწარკვეთა თუ ბახმუტს გამცდარი ამბიციები?

საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა „ვაგნერის“ თავკაცმა ევგენი პრიგოჟინმა  “Телега Online”-ის მედიატექნოლოგს, კონსტანტინ დოლგოვს, რომელიც ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს. ინტერვიუში პრიგოჟინმა ქვეყნის სამხედრო სარდლობა, ომის უნიათო ხელმძღვანელობისთვის კვლავ გვარიანად გააკრიტიკა და გალანძღა, თუმცა მხოლოდ მაღალი ოფიცრობით არ შემოიფარგლა და რუსეთის გახრწნილი ელიტაც ზედ დააყოლა. ეს ინტერვიუ გამორჩეული იმითაც იყო, რომ ბოევიკების თავკაცმა ომის სხვადასხვა ეტაპზე, რუსეთის სრული ჩასვრა და მძიმე დანაკარგები აღიარა. ის ჯერჯერობით ერთადერთი მოქმედი რუსი სარდალია, რომელმაც უკრაინის ომის ჩავარდნებზე, მარცხებსა და ათიათასობით დაღუპულ რუს ჯარისკაცზე ღიად ისაუბრა. მან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად უკრაინის მიმართ წარმოებული მოსკოვის პოლიტიკა მცდარი იყო, მაგრამ რადგან რუსეთმა მეზობლებთან ბრძოლის გზა აირჩია, მაშინ ამ გზას ბოლომდე უნდა მიყვესო. ამასთან, პრიგოჟინის აზრით, უკრაინის დენაციფიკაციამ და დემილიტარიზაციამ არათუ გაამართლა, არამედ, აბსოლუტურად უკუ შედეგები გამოიღო – უკრაინა ყველაზე ცნობად, შეკრულ და უძლიერესი შეიარაღებული ძალების მქონე სახელმწიფოდ აქცია. ყველაფერთან ერთად, პრიგოჟინი იმის თქმასაც არ მოერიდა, რომ მისი „ვაგნერისგან“ ბევრი აღარაფერი დარჩა და „ვაგნერს“ ძალების აღსადგენად, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ჩამოშორება და ბახმუტის ფრონტის დატოვება უწევს. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სისხლისგან დაცლილი პრიგოჟინის „ვაგნერი“ ბრძოლის ველს ტოვებს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკურ ველის დაკავებას ცდილობს. ვნახოთ, რით დასრულდება ამ საშიში ავაზაკის პოლიტიკური თამაშები.


ფრანგი მეკავშირე

ევროპის მოამბის წინა გამოცემაში ჩვენ გიამბეთ ვოლოდიმერ ზელენსკის მნიშვნელოვან ვიზიტებზე ჯედასა და ჰიროშიმაში, სადაც ის არაბული ლიგისა და დიდი შვიდეულის სამიტებს დაესწრო. ამიტომ, ორიოდე სიტყვით ზელენსკის ფრანგულ სამგზავრო საშუალებასაც მივაქციოთ ყურადღება, რომელმაც მას თითქმის ნახევარი მსოფლიოს შემოვლის საშუალება მისცა. გასაგებია, რომ პუტინის რუსეთზე სასიკვდილოდ გადაკიდებული ზელენსკის საჰაერო გადაადგილება მარტივი საქმე სულაც არ გახლავთ და მისი საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინის საჰაერო ძალებს დღეს ნაკლებად ძალუძთ. ამიტომ, ცნობისმოყვარე მტრებმაც და მოყვარეებმაც ყურადღება მიაქციეს ზელენსკის ავიარეისს და გამოარკვიეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ფრიად სარისკო საჰაერო მიმოსვლას საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო თვითმფრინავი უზრუნველყოფდა. სწორედ ფრანგული სახელმწიფო თვითმფრინავით ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი ჯედაშიც და ჰიროშიმაშიც, ჰიროშიმადან კი – კიივში. ამასთან გამოირკვა, რომ ოფიციალური პარიზი ზელენსკის ჯედას შეხვედრების დაგეგმვაშიც წაეხმარა, სადაც მას სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ნაცნობობა ჰყავს. ამ სარისკო მგზავრობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება საფრანგეთის მხოლოდ ლოგისტიკურ-ტექნიკური გამარჯვება როდი იყო, ეს ფრანგული დიპლომატიის გამარჯვებაც არის. როგორც ჩანს, კიივი ბევრ საერთაშორისო აქტივობას სწორედ საფრანგეთთან ათანხმებს და პარიზს საკუთარი ლიდერის სარისკო უსაფრთხოებასაც თამამად ანდობს. ამ ნაბიჯით კი, საფრანგეთმა ყველას დაანახა, რომ ზელენსკისა და ზოგადად უკრაინის უსაფრთხოება მისთვის სულ ერთი ნამვილად არ არის.

მსგავსი/Related

Back to top button