ახალი ამბები

სასამართლომ უკანონოდ ცნო „აჭარის ტელევიზიიდან“ წამყვანის გათავისუფლება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 27აპრილს უკანონოდ ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიიდან“ 2020 წლის მაისში გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება, რომელიც სამსახურიდან სოციალურ ქსელში მაუწყებლის ახალი მენეჯმენტისადმი გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო გაუშვეს.

არასამათვრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, რომელიც სასამართლოში რეხვიაშვილის ინტერესებს იცავდა, განმარტა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა, რადგანაც გადაცემა „ჰეშთეგი“, რომელიც მას მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სანაცვლოდ, სასამართლომ მაუწყებელს რეხვიაშვილისთვის 5 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება არღვევდა მის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილება „მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს“ შრომითი უფლებების დაცვას, გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ასევე „ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას Facebook-ზე თავად მალხაზ რეხვიაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ბათილია“ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. მისივე თქმით, სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით აჭარის მაუწყებლისთვის დაკისრებული თანხა „უსამართლოდ დაბალია“, მაგრამ „ამ ეტაპზე“ მის გასაჩივრებას არ გეგმავს. „ჩემი მიზანი, რომ დამემტკიცებინა – ტყუილად გამომიშვეს, მიღწეულია“, – ხაზი გაუსვა მან.

მალხაზ რეხვიაშვილი, მაუწყებლიდან 2020 წლის 11 მაისს გაათავისუფლეს. რეხვიაშვილმა მაშინ თქვა, რომ იგი სამსახურიდან Facebook-ზე დაწერილი იმ პოსტის გამო გამოუშვეს, სადაც იგი ასევე აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებულ ერთ-ერთ წამყვანს, თეონა თურმანიძეს გამოექომაგა. რეხვიაშვილმა მაშინ დაწერა, რომ თურმანიძე ეთერიდან ახალი ქცევის წესების დარღვევის საფუძველზე, 2020 წლის 13-14 აპრილს გამოქვეყნებული სტატუსების გამო მოხსნეს.

ასევე წაიკიხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button