შიში და სიძულვილი ხართუმში
უქმეებიდან მოყოლებული, ევროპული ქვეყნების დიპლომატიური თუ სამხედრო ძალისხმევა დიდწილად ბრძოლების ქარცეცხლში გახვეული სუდანიდან საკუთარი დიპლომატებისა და მოქალაქეების გამოყვანაზე იყო კონცენტრირებული. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფების მოხერხებულმა ჯარისკაცებმა უკვე გამოიყვანეს, როგორც საკუთარი, ისე პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები თუ მოქალაქეები სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან. სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის რთული სამხედრო ოპერაცია დღესაც გრძელდება და ევროპული ქვეყნები ცდილობენ, რომ ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის გაჩაღებული ბრძოლების ქარცეცხლში არავინ ჩატოვონ. ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხმა აიმაღლა და სამეფოს თავდაცვას შესჩივლა – პირველ რიგში დიპლომატების ევაკუაცია რომ მოახდინეთ, იქ მყოფი ათასობით სამეფოს ქვეშევრდომი ვის დაუტოვეთო. ამიტომ, ბრიტანეთის თავდაცვის სპეციალური საჰაერო ძალების ქვედანაყოფებს სუდანში მიბრუნება მოუწიათ და დღესაც მეფის სხვა ქვეშევრდომების გამოყვანით არიან დაკავებული.
მარტოობის ორი წელი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაციზმზე გამარჯვების დღეს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე ერთადერთ უცხოელ ლიდერს – ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჯაფაროვს ელოდებიან. ყირგიზეთის განდეგილი პრეზიდენტი, 9 მაისისთვის მოსკოვში რუსეთის ვიცე პრემიერს, ალექსეი ოვერჩუკს მიუწვევია. რუსეთის მთავრობაში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელმა, ოვერჩუკმა ბიშკეკში ყოფნისას, თურმე ჯაფაროვს ნაციზმის დამარცხებაში შეტანილი ყირგიზული წვლილი შეახსენა და ამ დიდი გამარჯვების ერთად, მოსკოვში აღნიშვნა შესთავაზა. ჯაფაროვიც დათანხმებულა მოსკოვში წასვლასა და ვლადიმირ პუტინის გახალისებას. გასულ წელს, მოსკოვში გამართულ 9 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებს უცხოელი სახელმწიფო ლიდერებიდან არავინ დასწრებია. წელს კი, უკრაინული დრონების შიშით, რუსეთის არაერთ რეგიონში 9 მაისის აღინიშვნა საერთოდ არ იგეგმება.
პრიგოჟინის ჯარის წყლულები
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „The New York Times“ რუსი სამხედრო ტყვეებით დაინტერესდა და გამოარკვია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი აივ/შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული. ამერიკული გამოცემა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ იმ „ვაგნერელებს“ გაესაუბრა, რომლებიც ციხეებიდან ფრონტზე გარეკეს და აღმოაჩინა, რომ მათ აივ/შიდსის სამკურნალო წამლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ფრონტზე 6 თვიანი სამხედრო სამსახურის გავლა შესთავაზეს. ამასთან, ამავე თემაზე უკრაინულ სამხედრო დაზვერვა ამბობს, რომ რუსული ციხე-კოლონიებიდან ფრონტზე წასხმული „ვაგნერის“ მებრძოლების 20% აივ/შიდსით არის ინფიცირებული. ინფიცირებულმა ტყვეებმა ამერიკულ გამოცემას გული გადაუშალეს და უთხრეს, რომ მათ ნელი, მტანჯველი სიკვდილის ნაცვლად, ფრონტზე წასვლა და უფრო სწრაფი სიკვდილი არჩიეს. ესეთია კრემლისა და პატივცემული პრიგოჟინის დამოკიდებულება, როგორც საღსალამათი, ისე ჯანმრთელობა შერყეული საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
ევროპული თრომბი
ყველა მსხვილი ევროპული პარტიის ლიდერმა, რომლებიც ევროპარლამენტის დაახლოებით 70%-ს წარმოადგენენ, ევროკომისიას წერილით მიმართეს და ურჩი უნგრეთისთვის ევროკავშირის ფონდებიდან შემდგომი დახმარების გაცემაზე უარის თქმა მოსთხოვეს. ევროპულ ფინანსებში უნგრეთის შეზღუდვის მოთხოვნის წერილს ხელი მოაწერეს ისეთმა გავლენიანმა პარტიებმა, როგორებიც არიან – სახალხო პარტია, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი, განაახლე ევროპა და მწვანეები. არადა, უკვე რა ხანია უნგრეთის მთავრობა კოვიდ პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების 20 მილიარდიან ფონდზე წვდომას ლამობს, რისი საშუალებაც მას სამართლის უზენაესობის, დემოკრატიული თავისუფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის ძირგამოთხრის გამო, არ ეძლევა. საპასუხოდ, ოფიციალური ბუდაპეშტი ჯიუტობს და ხან უკრაინის დახმარების პაკეტებს ბლოკავს, ხან რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და ხანაც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საქმეს აჭიანურებს. ევროპარლამენტარებისა და დანარჩენი ევროკავშირის განსაკუთრებული წუხილის საგანს ორბანის უნგრეთის ისეთი კანონები თუ კანონპროექტები წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს მასწავლებლების საქმიანობას, იძლევა უნგრული ცხოვრების წესის საწინააღმდეგო საქმიანობაზე დასმენის საშუალებას და კრძალავს ქორწინებისა და ოჯახის როლის დაკნინებას.
ინდულგენციებით მოვაჭრენი
ლამის რუსეთის დამატებით ფედერალურ ოლქად გადაქცეული ბელარუსი ცნობილია ისეთი უკანონო სქემებით, რომლებიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მედია პორტალ – „ბელარუსულ საგამოძიებო ცენტრს“, რომელიც კორუფციის გამოვლენითა და საეჭვო ფაქტების გადამოწმებითაა დაკავებული არაერთი ასეთი სქემა აქვს გამოვლენილი. თუმცა, ამჯერად მის თვალსაწიერში ბელარუსის კათოლიკური ეკლესია მოექცა, რომელიც თურმე „ლუკაშენკას საფულედ“ ცნობილ ე.წ. ბიზნესმენს, ალექსანდრე ზაიცევს, ვატიკანთან თავისი ახლო კონტაქტების გამოყენებით, მას ევროპული სანქციების კლანჭებიდან დაძვრენაში ეხმარება. პატივცემულ ზაიცევს, ბრიუსელის მხრიდან დასანქცირების შემდეგ, თავისი სატრანზიტო-გადამზიდავი კომპანია „ბრემინო“ კათოლიკე მღვდლის კუთვნილ კომპანიაზე გადაუფორმებია და ახლა ასე ეზიდება სხვადასხვა საკვებ თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტს ბელარუსის გავლით, რუსეთში. ეს მღვდელი და მისი ზემდგომი სასულიერო პირები კი, თურმე ვატიკანის ეკლესიასთან არიან შეხმატკილებულ ურთიერთობაში. ბელარუსის კათოლიკურმა ეკლესიამ და ვატიკანმა ჟურნალისტურ გამოძიებას კომენტარზე ერთხმად უთხრეს ცივი უარი, რითაც ჟურნალისტური გამოძიების ეჭვები მხოლოდ გააძლიერეს.