skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 19 აპრილს გამოქვეყნებულ 27-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული წუხილები არსებობს. ანგარიში, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება და რომელიც გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა, მოიცავს პერიოდს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიში ხაზს უსვამს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე პროგრესის ნაკლებობას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებილ შეზღუდვებზე, ასევე განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ მიმართავდა ძალისხმევას შერიგებისა და დიალოგისთვის ხელშეწყობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ჯანდაცავსა და სხვა სოციალურ შეღავათებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს დელეგაციას, რომელიც თბილისს 2023 წლის თებერვალში ფაქტების შემსწავლელი მისიით სტუმრობდა, ეცნობა, რომ საანგარიში პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის “უკანონო ქმედებები, მათ შორის ღობეების აღმართვა, სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება და გაზრდილი მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო.

დელეგაციას ასევე ეცნობა, რომ პროგრესი ვერ იქნა მიღწეული არც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის, და არც ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს შეუქცევადი ზიანი მიადგა, ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს დელეგაციას ეცნობა, რომ „დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავება და 2010 წლის ჩართულობის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული მიმოხილვა გრძელდებოდა. მისი საბოლოო ვადა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო გადაიდო, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიამ გამოიწვია.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მინისტრთა კომიტეტისთვის საქართველოში კონფლიქტის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

სიტუაცია აფხაზეთში

ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. საანგარიში პერიოდში IPRM-ის შეხვედრები არ გამართულა. მისი განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს როგორც საერთაშორისო აქტორებმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მომუშავე ცხელი ხაზი.

დოკუმენტის თანახმად, დელეგაციას აცნობეს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.

საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას უთხრა, რომ გალში მცხოვრები პირებისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვის“ მოთხოვნა კვლავ გავლენას ახდენდა იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სურთ.

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, გრელდება უკანონო დაკავებები, ხოლო საანგარიშო პერიოდში რვა უკანონოდ დაკავებული პირის იდენტიფიცირება მოხდა.

საქართველოს მთავრობამ დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც 2020 წლის დეკემბერში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა, და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. დელეგაციას ასევე ეცნობა 2022 წლის 20 ივლისიდან ე.წ. „ჯაშუშობის“ ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავების, 2022 წლის ნოემბერში ასმათ თავაძის, და ეკა ჯაკონიას უკანონო დაკავებების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი იყო გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო შესაბამისი პაციენტების სასწრაფოდ გადაყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა იმუნიზაციის პროგრამები. საქართველოს მთავრობამ დელეგაციას აცნობა, რომ 2022 წელს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანდაცვაზე წვდომა 1400-მა ადამიანმა მიიღო აფხაზეთიდან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ რუსეთის ფედერაციასთან „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ 2022 წლის სექტემბრის „შეთანხმება“, რომელიც ე.წ. აფხაზურ „პასპორტზე“ უარის თქმის გარეშე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას დაეხმარება, აფხაზეთში 2022 წლის 29 დეკემბერს იქნა „რატიფიცირებული“.

რაც შეეხება განათლების ხელმისაწვდომობას, ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებული სიტუაცია აფხაზეთში არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აიკრძალა როგორც სკოლებში, ისე საბავშვო ბაღებში.

სიტუაცია ცხინვალის რეგიონში

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არანაირი თავდასხმა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია მაინც მოუგვარებელი რჩებოდა და ხელს უწყობდა დაძაბულობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო აღჭურვილობის არსებობა სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

საანგარიშო პერიოდში ერგნეთში IPRM-ის სამი შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის მარტში გამართულ IPRM-ის 111-ე შეხვედრაზე, თანაფასილიტატორებმა ცნობად მიიღეს ორი დაკავებულის გათავისუფლება და დაკავების არსებული შემთხვევების მოგვარების მიმართ ჰუმანიტურული მიდგომისკენ მოუწოდეს.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ შემთხვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული აქტივობა მოიცავდა სადამკვირვებლო პოსტების, ასევე ახალი ღობეებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟს/გამყარებას.

რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, „გამშვები პუნქტების“ დროებითი გახსნა ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში, რომელიც, როგორც ადრე ითქვა, 2022 წლის დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, გახანგრძლივდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ „გამშვები პუნქტების“ გამოყენება შეზღუდული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა ჯგუფებისთვის. ერგნეთის „გამშვები პუნქტი“ კვლავ სამედიცინო ევაკუაციისა და გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა კვლავ ჰქონდა ადგილი შეფერხებებს სამედიცინო ევაკუაციის პროცესში. საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ევაკუაციის პროცედურების შეფერხებასთან დაკავშირებით, რასაც 2023 წლის 3 იანვარს ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავების შემთხვევებს. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის 6 მიმდინარეა).

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არ დაფიქსირებულა რაიმე პოზიტიური ტენდენციები ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, სადაც, როგორც დელეგაციას ეცნობა, განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის „გამშვები პუნქტების“ გადაკვეთისთვის საჭირო „ნებართვები“ კვლავ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას.

საანგარიშო პერიოდში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა ცხინვალის რეგიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით. კვლავ არსებობს წუხილები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ დაფიქსირებულა.

მათი დაბრუნების პირობების არარსებობის ფონზე, დელეგაციას აცნობეს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც უზრუნველყოფს დევნილებისთვის ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს და რომ დღემდე, 290 000-ზე მეტ ადამიანს, რაც 91 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეადგენს, დევნილის სტატუსი მიენიჭა.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, გენერალური მდივანი საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშებს 2010 წლიდან ამზადებს. მიმდინარე ანგარიში ეფუძნება 2023 წლის 13-14 თებერვალს თბილისში ფაქტების შემსწავლელი ვიზიტის შედეგებს. დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარებაც შეესწავლა.

მიმდინარე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას ორ სახელმწიფოთაშორის საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელიც ეხება 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“, რომელიც ეხება 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების დაკავებების, დაპატიმრებებისა და რუსეთის ფედერაციიდან გაძევების ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის აგვისტოში შეტანილ სახელმწიფოთაშორის განაცხადზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. სასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button