ახალი ამბები

საქართველო სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 18 აპრილს, რომ უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში 16 აპრილს დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შედეგად ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. ამჟამად, სუდანში ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისთვის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, საქართველოს 30-მდე მოქალაქე კვლავ ქვეყანაში რჩება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად შეიქმნას შესაძლებლობა სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების დროულად გამოყვანისა და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ავიაკომპანიების Geosky-ს და MyWay-ს თანამშრომლები არიან, რომლებიც დედაქალაქ ხართუმში სამუშაო მიზნით ჩავიდნენ. 17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში Geosky-მ აღნიშნა, რომ „ავიაკომპანია Geosky-ს ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-800 სარეგისტრაციო ნომრით 4L GEZ სამუშაო ვიზიტით იმყოფება სუდანის რესპუბლიკაში, კერძოდ სუდანის დედაქალაქ ხართუმში ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრთან ერთად“.

ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტის დაწყების პირველივე წუთებიდან ავიაკომპანიის მენეჯმენტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება ჩააყენა საქმის კურსში. „აქტიური-უწყვეტი კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ მუდმივ კავშირზეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ავიაკომპანიის თქმით, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რათა „უზრუნველვყოთ ავიაკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაცია სუდანიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე“. ავიაკომპანია ასევე აცხადებს, რომ მუდმივი კავშირი აქვს ავიაკომპანია MyWay-ის მენეჯმენტთან და სუდანში მყოფ მათ თანამშრომლებთან და ერთობლივად გეგმავენ ორივე ავიაკომპანიის თანამშრომლების ევაკუაციას.

ავიაკომპანია MyWay არსებულ ვითარებას „ფეისბუქის“ პოსტით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი, მათ შორის პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი.  „გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან“, – განაცხადა ავიაკომპანიამ და დასძინა, რომ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ თანამშრომლების ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოყვანას.

სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას სუდანში 16 აპრილს კონფლიქტის გაჩაღება მოყვა. სუდანის არმია, გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის მეთაურობით, საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს სწრაფი რეაგირების ძალების წინააღმდეგ, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხართუმის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ასევე გაეროს ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის თვითმფრინავი. დიპლომატიური მისიები სუდანში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button