ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს 

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, 10-11 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა ეუთოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, „ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია“.

შეხვედრის შემდეგ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა, რომ „ეუთო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მუშაობას ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.

პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო. მათვე ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერმინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„თბილისს აქტიური მონაწილეობისა და შემდგომი პრაგმატიზმისკენ მოვუწოდებ, რათა წინ წამოწიოს ძირითადი საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში და დიალოგისთვის ყველა საშუალება გამოიყენოს, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და არა მხოლოდ“, – დაწერა თავის მხრივ Twitter-ზე მინისტრმა ოსმანიმ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ილია დარჩიაშვილმა „ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“ განიხილეს და აღინიშნეს, რომ „საქართველო გააგრძელებს ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას“.

„მსურს გამოვხატო საქართველოს მხარდაჭერა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებისადმი და აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობას ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, ვინც დაზარალდა ომისა და კონფლიქტის შედეგად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყოს ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ამ საკითხის ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენებას.

მინისტრმა დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. მან ჩრდილოეთ მაკედონიას ეუთოს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიწოდა ეუთოს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ. მათვე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. მათვე „საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზეც“ ისაუბრეს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

თავის მხრივ, მინისტრმა ოსმანიმ ხაზი გაუსვა, რომ „ეუთო მხარს უჭერს ყველა პრაგმატულ მიდგომას, რომელთა მიზანიც ხალხისთვის რეალური შედეგების მიღწევაა“. ჩვენ გავაგრძელებთ დევნილთა, კონფლიქტით დაზარებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება გააცნო და მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისვე ცნობით, თავის მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა“.

შეხვედრის შემდეგ ბუიარ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეუთო აფასებს კონფლიქტის მშვიდობიანი და მდგრადი მოგვარებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზის გაკვლევა და წარსულთან გამკლავება“, – დასძინა მანვე.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას შალვა პაპუაშვილმა ბუიარ ოსმანის მადლობა გადაუხადა „ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში“. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ამავე ინფორმაციით, ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია“.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რა დროსაც ​ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა.

არასამთავრობოებთან შეხვედრა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა არასამთავრობოების გადამწყვეტ როლს დემოკრატიის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების საქმეში. საუბარი ასევე შეეხო არასამთავრობობის მონაწილეობას ადგილობრივი პოლიტიკის წარმოების პროცესში. მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს ერთგულება ადგილობრივი პარტნიორების მიმართ.

საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი

11 აპრილს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ოძისის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზზე ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა. ბუიარ ოსმანის თან ახლდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ.

მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს დელეგაციას ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. „აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ხაზი გაუსვეს ‘ბორდერიზაციის’ საქმიანობის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვის უარყოფით გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში. ბუიარ ოსმანი ოძისის მაცხოვრებლების მდგომარეობას შეეხო, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ნათესავებს და მეგობრებს ესტუმრონ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გამოიყენონ და რელიგიურ დაწესებულებებში მივიდნენ. მან განაცხადა, რომ „ამგვარი სიტუაცია სამწუხარო და მიუღებელია 21-ე საუკუნეში“ და დასძინა, რომ „ეს ეუთოს ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

მინისტრმა ოსმანიმ მადლიერება გამოხატა მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მიმართ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. იგი წეროვანის დევნილთა დასახლებასაც ესტუმრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button