Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას სტუმრობს, სადაც 3 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ლიეტუვის პრეზიდენტთან სეხვედრა

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრეზიდენტმა ნაუსედამ დაადასტურა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, მკაფიო და ხელშესახები რეფორმებით, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი კეთილდღეობისთვის“. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგი, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, ასევე ინსტიტუციური და სექტორული თანამშრომლობა.

პრეზიდენტ ნაუსედას თქმით, მათ ასევე იმსჯელეს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. აგრეთვე დაგმეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა როგორც საზიანო დემოკრატიისთვის.

თავის მხრივ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და განაცხადა, რომ „დღეს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია, და მე ამას ვამბობ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“. მან ვილნიუსში ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „დროა ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგერსი დაგვანახოს“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ იქცეს“.

სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრა

მოგვიანებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ურყევი ნებაა. შეხვედრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ „მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“ და აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაცია არის ასევე უდიდესი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის. მათვე ხაზი გაუსვეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საკითხში ლიეტუვის როლის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში. „ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას“, – თქვა პრეზიდენტმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლიეტუვის პრემიერთან შეხვედრა

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერმინისტრ ინგრიდა შიმონიტესაც შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. მათვე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსულ აგრესიაზე ისაუბეს. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაც აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ „დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია“.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ „საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი“.

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. მანვე ყვავილების თაიგულით შეამკო ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ლიეტუვაში ასევე იმყოფებიან: დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია სულავა და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, ქეთევან თათოშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button