პრეზიდენტი ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს, უკრანის კიევი ოლქის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავეშირებით გამართულ სამიტში ვიდეოფორმატით მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
სიტყვით დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია სამიტში მონაწილეობა, „რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს“. მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ამ დღეს მასთან ფიზიკურად დგომა სურდა, „თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ“.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა“. „ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისათვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებებისა, რომლებიც შეიძლება უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს, დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე – ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით“.
მისი განცხადებით, ფოტოებით „შეშფოთებულნი“ და „შოკირებულნი“ ვიყავით საქართველოშიც და „კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია“. „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გასუვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო. „მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო“.
„თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა და საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ „დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა – დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. მანვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დღეს „ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
სიტყვის დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს უსურვა „გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა – სლავა უკრაინი!”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)