skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები სასამართლო სისტემის რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-ზე მეც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და მიესალმება, რომ კომისია იზიარებს სასამართლო სისტემაში სამოქალაქო სექტორის მიერ იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებს.

კოალიციის მიერ 23 მარტს გავრცელებული განცხადებით ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ „ცვლილებების პროექტი არ არის ყოვლისმომცველი, იგი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“.

კოალიცია ვენეციის კომისიის მიერ სასამართლო სისტემაში სხვადასხვა მიმართულებით გამოკვეთილ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ „კორპორატივიზმსა“ და „კლანურობის მანკიერ პრაქტიკას“ ასახელებს.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წლებია საუბრობს სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის მზარდი ტენდენციისა და სისტემის ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობაზე“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში და იქვე ხაზგასმულია, რომ „ამის საპირისპიროდ, დაინიციირებული ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად“.

ამ კონტექსტში კოალიცია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული ცვლილებები და ხედვა „მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს“. „მეტიც, დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე“.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ვაკანტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ადგილი, „რაც კიდევ უფრო ამცირებს აღნიშნული ორგანოს საქმიანობაზე გარე-კონტროლისა თუ გამჭვირვალობის შესაძლებლობას“.

აღნიშნავენ რა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის ნაწილია, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით „ფუნდამენტური ცვლილებები“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე „კრიტიკულად“ აუცილებელია.

ამდენად, კოალიცია მოუწოდებს „საქართველოს პარლამენტს, აღიაროს სასამართლოში არსებული პრობლემები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რაც რეალურად მოემსახურება ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button