„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს
ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ (IBP) განცხადებას ავრცელებს, სადაც იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არასწორად გაიაზრა ქვეყნის რეიტინგი ღია ბიუჯეტის კვლევაში, რათა გაემართლებინა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ გაიწვიეს.
IBP-ის თანახმად, „ღია ბიუჯეტის კვლევა“ ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საჯარო მონაწილეობას ეროვნულ საბიუჯეტო პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტებში გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია.
თუმცა, განცხადებაში ნათქვამია: „ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო არის სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური საბიუჯეტო პროცესის მიღმა საზოგადოებასთან. დამოუკიდებელმა შეფასებებმა აჩვენა მაღალი დონის კორუფციის მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიციის ძალის არაპროპორციული გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.
IBP ხაზს უსვამს: „ჩვენ არ მივიღებთ საქართველოს მთავრობის მიერ ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის გამოყენებას დრაკონული კანონის გასამართლებლად, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონი არასაჭირო ადმინისტრაციულ ტვირთს დაამატებდა მედიასაშუალებებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს. იუსტიციის სამინისტროს კი – ანუსაზღვრელი მონიტორინგის შესაძლებლობას და შეუსრულებლობისთვის მძიმე ჯარიმების დაკისრების უფლებას მისცემდა.
IBP-მა განცხადება პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულმა განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, სადაც პრემიერმინისტრმა თქვა: „…ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ ყოველდღიურად ვიყოთ უფრო გამჭვირვალე, რაც თავისთავად კარგია. ჩვენი მთავრობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე მთავრობად მსოფლიოში და წამყვან დემოკრატიებს შორის. საკმარისია იმის თქმა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ“.
შემდეგ მან მთავრობის „გამჭვირვალობა“ სამოქალაქო სექტორში ამ უკანასკნელის ნაკლებობას შეადარა და თქვა: „მათი მიზნები, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა ინფორმაცია და მოვითხოვეთ მინიმალური გამჭვირვალობა და მინიმალური ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე“.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/03/2023 – სახალხო დამცველი 7-9 მარტის აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ დარღვევებზე საუბრობს
- 13/03/2023 – არასამთავრობოები აქციებისას დაკავებულთა მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)