ახალი ამბები

საპატრიარქო სასულიერო პირებს პოლარიზაციის ხელშემწყობი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს სასულიერო პირებს თავი შეიკავონ რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან.

15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, საპატრიარქო ამ კონტექსტში, გუშინ, ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ევროკავშირის დროშაც დაწვეს და აღნიშნავს, რომ აქციაზე ერთ-ერთი სასულიერო პირი „თვითნებურად“, „საეკლესიო კანონიკის დარღვევით“ მოქმედებდა და „მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს“.

„ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა. საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების საწინააღმდეგო 7-9 მარტის აქციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია“.

„დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას“, – აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ – „ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button