ილია დარჩიაშვილი შვედეთს სტუმრობდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 13-14 მარტს შვედეთის სამეფოს სტუმრობდა, სადაც შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, შვედ კოლეგას, ტობიას ბილსტრომს; პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს; ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ქრისტიან დანიელსონს და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, დიანა იანსეს შეხვდა.
ამჟამად, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ამდენად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ თანამშრომლობაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესისადმი შვედეთის მხარდაჭერაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა შვედეთის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა.
შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით წარმოქმნილ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.
შვედეთის პარლამენტის წევრებს ილია დარჩიაშვილმა გაუზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/02/2023 – საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანაშრომლობის ოქმი გააფორმეს
- 21/10/2022 – ილია დარჩიაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
- 23/02/2023 – ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მიიღო მონაწილეობა
- 16/12/2022 – ილია დარჩიაშვილი ტოკიოს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)