ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ტოკიოს ესტუმრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ტოკიოს ესტუმრა, სადაც თავის იაპონელ კოლეგას, იაშიმასა ჰაიაშის და იაპონიის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  

შეხვედრა იაშიმასა  ჰაიაშისთან  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების ისეთი პოტენციური სფეროები, როგორიცაა ეკონომიკა, დაკავშირებადობა, მდგრადი განვითარება, ენერგო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტები. 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კონტაქტები „ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებას“.  

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ ეკონომიკური განვითარებაზე და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.  

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჰაიაშიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყანას საერთო ფუნდამენტური ღირებულებები აქვს და პარნტიორები არიან თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და გაძლიერების საქმეში. იაპონიამ ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

ამავე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე, კასპიის ზღვის მეშვეობით სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისა და დეკარბონიზაციის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.  

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ. 

შეხვედრა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან  

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს,  იასუტოში ნიშიმურას შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილა.  

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს „ქვეყნის სტაბილური, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების, ხელსაყრელი სატრანზიტო და ბიზნეს შესაძლებლობების გათვალისწინებით“.  

მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ხაზი გაუსვეს იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ ინტერესს, ასევე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში უკვე მიმდინარეობს.  

შეხვედრა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრთან  

დარჩიაშვილი ასევე შეხვდა იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, ტარო კანოს, სადაც მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მმართველობითი სისტემის რეფორმაზე და საქართველოს მიერ ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button