skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, 6 მარტს ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროინტეგრაციაზეც გაამახვილა ყურადღება. წლევანდელ ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

ოკუპაცია და ომი უკრაინაში

საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოტენციალზე საუბარს დაუთმო, რის შემდეგაც, მოკლედ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში“, რაც მისივე თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის“.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული „გაუმართლებელი“ და „დამანგრეველი“ ომისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, „დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია“.

ევროინტეგრაცია

ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს“. ამ კონტექსტში, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებენ „ჩვენი მიზნის“ – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად.

„დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და დასძინა რომ „ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button