ახალი ამბები

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს და ენმ-ს აკრიტიკებს და საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, გადადგომიდან ორი წლის თავზე, 17 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის წარსულში დაბრუნებისთვის „ქართულ ოცნება“, მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

ყოფილი თანაგუნდელებისა და ენმ-ის მიმართ კრიტიკა

დაახლოებით 5-წუთიანი ვიდეომიმართვა, გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ მან თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ „იმ გზას მივყავდით უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ“. „მაშინ, ოცნება ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მათი მიზანი“.

მისივე თქმით, მისი გადადგომიდან დღემდე, ბევრი რამ „უარესობისკენ“ შეიცვალა და „სხვა საქართველოში ვცხოვრობთ“, რომელსაც „უიმედობის გამო“ ახალგაზრდები ტოვებენ და „გარბიან იქ, სადაც თავის მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში“.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, დღეს ქვეყანაში „აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი“ და „ყველას, ვინც, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ან უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ“.

გიორგი გახარიამ „უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად“, საქართველოსთვის ევროპული ოჯახის წევრად გახდომის „უპრეცედენტო შესაძლებლობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა კი ევროპა?“.

ყოფილი პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე“ უარს მხოლოდ იმიტომ, გვეუბნება, რომ „მას არ უნდა ასეთი ევროპა, რომელიც შეზღუდავს მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას“. „მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი“.

გიორგი გახარიამ ყოფილი თანაგუნდელები „ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკის“ გამოც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში, ისინი „უდიდესი საფრთხის წინაშე“ აყენებენ ქვეყნის მომავალს“ და „დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებ[ენ] პირისპირ რუსეთთან“. „არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“, – დასძინა მან.

ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკის პარალელურად, გიორგი გახარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გაიხსენა და თქვა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, გვეუბნება, რომ „სახელმწიფო [პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტია] მიხეილ სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი“.

„საბოლოო ჯამში, ორივე მხარე, საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა – ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება“.

საკუთარი თავის მიმართ კრიტიკა

ყოფილმა პრემიერმინისტრმა დღეს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში საკუთარ წვლილსა და პასუხისმგებლობაზეც უსაუბრა და აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას ხელი თავადაც შეუწყო. „ეს არის ჩემი შეცდომა“, – დასძინა მან.

„ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში, შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს და გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ, დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს მისი „შეცდომა“ და „ვალია“ ქართველი ხალხის წინაშე, თუმცა დასძინა რომ „დღეს არ არის თავისმართლების და წუწუნის დრო“. „დღეს მოქმედების დროა, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, რაც არ უნდა დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button